მამუკა ხაზარაძე - ბრძოლა იქნება ბოლომდე - დამიჭერენ? - ბრძოლას გავაგრძელებ! - შემეძლო გავრიგებოდი ბიძინა ივანიშვილს, ე.წ. მორიგებაზეც მივედი და აღმოვჩნდი ქურდულ გარჩევაზე, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, „ქურდიც“, პროკურორიც

გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ - დამიჭერენ? - კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ!, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ოფისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, არც ქვეყნის დატოვების ბილეთი აქვს აღებული და არც ცდილობს, რომ ვინმეს რაიმე შეეხვეწოს.

„აქ პიროვნული ამბავი არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ.

რაც შეეხება პარტიის ფუნქციონირებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ Zoom-ით იმიტომ, რომ პანდემია დაემთხვა. მერე ამ მშენებლობას დაემთხვა ჩვენი 4-წლიანი სასამართლოში სიარული, მაგრამ მაინც მოვახერხეთ, რომ ნულიდან ერთ-ერთი მძლავრი პარტია შევქმენით, რომელსაც ადამიანები ახლაც ემატებიან...

ჩვენ თუ დაგვაპატიმრეს გაძლებს თუ არა პარტია უჩვენოდ? - კი, 1000%-ით გაძლებს, იმიტომ, რომ ეს არის უკვე პარტია, რომელიც იდეის გარშემოა შეკრებილი და დაფინანსება მეორეხარისხოვანია.

ეს არის ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა - სად უნდა იყო, მე აქ ვდგავარ. დამიჭერენ? - კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ! ნებისმიერ დროს შემეძლო გავრიგებოდი ბიძინა ივანიშვილს ან თავი დამეხარა, ან მის სახელმწიფო რეკეტს დავმორჩილებოდი და რაღაცა პატივი მეცა - როგორც მან ერთხელ ტელევიზიაში თქვა, რომ ჩხარტიშვილმა პატივი მცა და ხაზარაძემ პატივი არ მცა. იქ ფულზე იყო საუბარი, ბოდიში, მაგრამ რომლის „ახევაც“ უნდოდათ ქურდული კანონებით, როცა მე შევცდი და მივედი ე.წ. ვითომ მორიგებაზე, მაგრამ მივედი და თურმე აღმოვჩნდი ქურდულ გარჩევაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იყო მოსამართლეც, „ქურდიც“, პროკურორიც და გენერალური პროკურორი გვერდით ეჯდა. ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ამბავში მოვყვებოდი. კიდევ კარგი გენერალური პროკურორი, შოთაძე იჯდა, რომელმაც თქვა, რომ აქ იურიდიულად ვერაფერს ვერ ვხედავო და იქ მოკვდა ეს კონცერტი... ეს [ბიძინა ივანიშვილი] არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებს, ამას წყალი არ გაუვა.

ჩემი საქართველოში ყოფნა, ქვეყნის არ დატოვება და ამ სისტემასთან ბრძოლა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიუთითებს, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა, შეგნებულად მივდივარ სასამართლოში, არც ბილეთი მაქვს აღებული და არც რამეს ვცდილობ, რომ ვიღაცას რაღაც შევეხვეწო.

მე ძალიან თავმდაბლად ვიტყვი, რომ ჩემი თავი ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად არ მიმაჩნია, რომ ჩემმა დაკავებამ რაღაც მღელვარება გამოიწვიოს, მაგრამ კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმისა, რომ არ შეიძლება შეეგუო იმას, რაც არ არის შესაგუებელი და არ შეიძლება ფარ-ხმალი დატოვო... ბრძოლა იქნება ბოლომდე - გარეთ, შიგნით, საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყნის შემოტრიალებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე