აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის - აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია

სახელმწიფო დეპარტამენტმა globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა.

კერძოდ, www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა:

"გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?"

სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.

შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი