ნინო ქადაგიძე - პროფესიული სირთულეების მიღმა მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარიც

ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, ჩვენ სამწუხაროდ, წლებია, გვიწევს ბრძოლა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, პროფესიული სირთულეების მიღმა მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარიც.

„პირადად ჩემი და საერთო სასამართლოების სახელით მინდა, უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მადლობა ვუთხრა მას უზენაეს სასამართლოში მობრძანებისთვის. ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ მეტადრე უფრო სასიხარულო იქნებოდა ჩვენთვის ბატონ ირაკლისთან საუბარი და დისკუსია გვქონოდა მართლმსაჯულებისათვის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ კვლავაც გვიწევს იმ სირთულეებზე საუბარი, რომელიც წლებია, გრძელდება სასამართლოსთან მიმართებაში და რომელიც უხეშად ლახავს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ისე თითოეული ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, ჩვენ სამწუხაროდ, წლებია, გვიწევს ბრძოლა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. პროფესიული სირთულეების მიღმა იცით, რომ ჩვენს კოლეგებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარი. მე სამწუხაროდ, სხვა შესატყვისი სიტყვა ვერ გამოვძებნე იმ ვითარების დასაფიქსირებლად, რაც ამ ბოლო პერიოდში ჩვენ გარშემო ვითარდება“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა