ირაკლი ოქრუაშვილი ბრალზე - იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით „პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ - ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ

იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით „პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრალის წარდგენის შემდეგ კითხვას, თუ რას ელოდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე.

ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

„არავის აქვს არანაირი მორალური უფლება არანაირი არგუმენტით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს, ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად, ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ, მათთვის უცხოა ეს წესი და სწრაფი წესით წამიყენეს ბრალი. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით „პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია