გურამ მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიას - თუ შევძლებთ, რომ ერთ თვეში ჩავეტიოთ, შანსი გაიზრდება, რომ საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნებამდე შევიტანოთ და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი კომისიას სთავაზობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ , როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიტანონ.

მისი თქმით, თუ კომისია მუშაობას მოთხოვნილ ვადაში, ერთ თვეში დაასრულებს, გაიზრდება იმის შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა.

როგორც მაჭარაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს“ დაანონსებული აქვთ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა არ იციან, „რას უკარნახებს პატრონი უცხოეთიდან“.

„რეალურად, საზოგადოება ხედავს იმაზე მეტ მტკიცებულებას, ვიდრე შეიძლება საჭირო იყოს იმისთვის, რომ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობდეს. თავად ის ფაქტიც, რომ 2012 წლის შემდეგ დღემდე პერიოდიც უკვე დაგვემატა კომისიას, როგორც ფუნქცია, არის კარგი იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება დაინახავს, „ნაცმოძრაობის“ არასწორ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდგომაც. ასეთი არაერთი მტკიცებულებაა საჯარო და ამ თვალსაზრისით, ეს კარგია, თუმცა მეორე მხარეა და ამასთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა: ჩვენ ვიცით, რომ პროცედურულად რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ივნისის ბოლო პარასკევს ამთავრებს. შესაბამისად, კომისიის მუშაობა თუ გაგრძელდება 5 ივნისამდე ეს კარგია, ნამდვილად მოცულობითია ეს სამუშაო, მით უმეტეს, რაც დაგვემატა. თუმცა ამ კომისიის მიზანი ვიცით, რომ არის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ასევე მიზანი გვაქვს, რომ შესაბამის უწყებაში, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანოთ [სარჩელი], რომ პოლიტიკური პარტია, როგორც ასეთი, აღარ არსებობდეს „ნაცმოძრაობა“. ვიცით, რომ ამას თავისი პროცედურებიც ახლავს. აქედან გამომდინარე, ეს ერთგვარად ხელს ხომ არ შეუწყობს იმას, რომ პროცესი რაღაცნაირად გაიწელოს. ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს კი აქვთ დაანონსებული, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას უკარნახებთ პატრონი უცხოეთიდან. უბრალოდ, ეს კითხვა მაქვს, თუ შევძლებთ, რომ ერთ თვეში, რასაც გავაგრძელებთ, ჩავეტიოთ. ამ შემთხვევაში შანსში კიდევ გაიზრდება იმისა, რომ არჩევნებამდე შევძლოთ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა. ამ შემთხვევაში, კიდევ იქნება იმის შანსი, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას, რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის თაობაზე გურამ მაჭარაშვილის პოზიციას იზიარებენ კომისიის წევრებიც. მაჭარაშვილის მოსაზრებაზე წულუკიანმა განაცხადა, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

მისი თქმით, ეს [„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა] 2013 წელსაც უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მაშინ, ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო. „თითოეულ ჩვენგანს, ვინც ამ მაგიდის გარშემო ვართ და არა მხოლოდ ამ მაგიდის გარშემო, არამედ ყველას, ვინც პარლამენტის წევრები ვართ და მეც მათ შორის, ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია ფაქტებით, გვარებით და სახელებით, რამხელა იყო ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ ეს არ მომხდარიყო. ზეწოლა იყო გარედან და ამ ზეწოლის ჩვენზე, ხელისუფლებაზე განმახორციელებლები იყვნენ კონკრეტული ელჩები ან კონკრეტული თანამდებობის პირები თავიანთი ქვეყნებიდან. წარიმართა ისე, როგორც წარიმართა. დღეს ჩვენ ეს შევძელით, გამყარებულია უფრო მეტად ქვეყნის სუვერენიტეტი, ეს ძალიან მძიმე ფასად ჯდება, მაგრამ ასეთია თავისუფლებისთვის ბრძოლა. მთავარია, რომ ისეთი შეცდომები არ დავუშვათ, რაც, მაგალითად, ჩემი აზრით, განზრახ და დავალებით, მაგრამ ერისთვის მძიმე, ფატალური შეცდომები დაუშვა უკრაინის ხელისუფლებამ. ჩვენ ასეთი [შეცდომები] თავიდან ავიცილეთ მიუხედავად იმისა, რომ აქაც დავალება მივიღეთ, რომ იქნებ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას. აღარ მოვყვები მთელ იმ 13-წლიან მძიმე პროცესებს, რაც ჩვენ, ყველას თავს დაგვატყდა და პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს",-განაცხადა წულუკიანმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის