ევგენია კრავჩუკი - ჩვენი მოვალეობაა მათ გვერდით დავდგეთ, ვინც საქართველოსა და ევროპის დროშებით ხელში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მშვიდობიანად იბრძვის

ჩვენი მოვალეობაა მათ გვერდით დავდგეთ, ვინც საქართველოსა და ევროპის დროშებით ხელში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მშვიდობიანად იბრძვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გამართულ დებატებზე უკრაინელმა დეპუტატმა, ევგენია კრავჩუკმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იანვარში ამ ასამბლეამ საქართველოს შესახებ ძალიან ძლიერი რეზოლუცია მიიღო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ახალი სამართლიანი არჩევნები სჭირდებოდა, აუცილებელი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და იმ კანონების გაუქმება, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უშლის. ჩვენ გავაგზავნეთ ძლიერი სიგნალები, როგორც პარტნიორებმა, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებმა, როგორც ერთი ევროპული ოჯახის წევრებმა და რამდენიმე თვის შემდეგ, დიალოგის ნაცვლად, ახალ რეპრესიულ კანონებს ვხედავთ. პარლამენტი იღებს კანონებს, რომლებიც ზღუდავს მშვიდობიან შეკრებას, კრძალავს განსხვავებულ აზრს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაცვლად უფრო მეტ ადამიანს აკავებს. სიტყვის გამოხატვის უფლების მხრივ მდგომარეობა უარესდება. მედიის შესახებ ახალი კანონმდებლობა ფაქტობრივად უკრძალავს დამოუკიდებელ მედიას უცხოური დაფინანსების მიღებას და სახელმწიფო მარეგულირებლის უფლებამოსილებები საშიში კონტროლის დონემდე გაფართოვდა“, - განაცხადა ევგენია კრავჩუკმა.

მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება ხალხის მოსმენის ნაცვლად, მათ გაჩუმებას ცდილობს.

„ეს ყველაფერი მზარდი ავტორიტარული ტენდენციების სახით ხდება. ხელისუფლება წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ათიათასობით ქართველი გამოდის ქუჩაში და აცხადებენ, რომ მათ ევროპა სურთ და არა რუსეთი, მომავალი სურთ და არა წარსული. ჩვენი მოვალეობაა მათ გვერდით დავდგეთ, ვინც საქართველოსა და ევროპის დროშებით ხელში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მშვიდობიანად იბრძვის. ზოგადი რეზოლუცია მკაფიო იყო, მაგრამ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, ამიტომ ისევ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებებს და ვეწინააღმდეგებით ავტორიტარიზმს“, - აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა