ახალი რეგლამენტით, პარლამენტის წევრს პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით სრული პლენარული სხდომის გაცდენა არასაპატიო გაცდენად ჩაეთვლება

პარლამენტის წევრს პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით სრული პლენარული სხდომის გაცდენა არასაპატიო გაცდენად ჩაეთვლება - ახალი რეგლამენტით განისაზღვრება, რომ ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ.

პარლამენტში ინიცირებული რეგლამენტის პროექტის მიხედვით, დეპუტატს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. პარლამენტის წევრმა ბოიკოტის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს ან ზეპირად განაცხადოს სხდომის მსვლელობისას. ბოიკოტის განცხადებაში კი უნდა მიეთითოს დღის წესრიგის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი.

„საპარლამენტო პრაქტიკამ აჩვენა, რომ საპარლამენტო სუბიექტები ბოიკოტის მექანიზმს ხშირად არაკეთილსინდისიერად, პლენარული სხდომის გაცდენის არასაპატიოდ ჩათვლის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ. მიუხედავად მოქმედი რეგლამენტის ნორმისა, რომ ბოიკოტი განსახილველ საკითხს ეხება, საპარლამენტო სუბიექტები აცხადებდნენ ზოგად ბოიკოტს პლენარული სხდომების კვირის, ზოგჯერ კი − მთლიანად სასესიო პერიოდის მიმართ. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული მექანიზმის კიდევ უფრო დაზუსტება“, - ნათქვამია რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა