„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აგრძელებს მავნე პრაქტიკას და აქტიურად დევნის თანამშრომლებს, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას - არხი ივანიშვილის მთავრობის კონტროლქვეშ არის მოქცეული

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აგრძელებს მავნე პრაქტიკას და აქტიურად დევნის და ავიწროებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან „არხის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას“.

ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ კვლევაშია აღნიშნული.

კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას, დაშინებასა და სხვადასხვა ფორმით შევიწროებას.

მათი განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოქმედი მენეჯმენტის ცვლილება.

"ქართული ოცნება“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საკუთარ პროპაგანდისტულ იარაღადაც იყენებს, რაზეც, ბოლო პერიოდში თავად არხის თანამშრომლებიც ღიად ალაპარაკდნენ. მაგალითად, თებერვლის დასაწყისში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე, არხის რეჟისორმა, კახა მელიქიძემ გაიხსენა, რომ მას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გაზაფხულისა და შემოდგომის თამაშების ტრანსლირებისას, ეთერში პრემიერ ირაკლი კობახიძის „რაც შეიძლება მეტჯერ“ ჩვენება მოსთხოვეს.

ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტი მასობრივი დაკავებების, მიკერძოებულად წარმართული სასამართლო პროცესებისა და აქტივისტების აქტიური დაშინების ფონზე მიმდინარეობს, რაც რეჟიმის მიერ ცენზურის დაკანონებისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობის სტრატეგიის ნაწილია. ამის ფონზე, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მიმდინარე პროცესების შესახებ მაყურებლის სათანადო ინფორმირებას არ ახდენს და მას ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ არ უყვება. ამას მოწმობს, როგორც „მაყურებლის“ყოველდღიური მონიტორინგის შედეგები, ასევე ამაზე საუბრობს თავად მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილიც.

მრავალწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ მთლიანობაში, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს, ფაქტობრივად, ივანიშვილი მთავრობის კონტროლქვეშ არის მოქცეული, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სისტემატურად ზღუდავენ ან სამსახურიდან ათავისუფლებენ",-აღნიშნულია კვლევაში.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 21 მარტის სხდომაც, რომელზეც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა საბჭოს წევრებმა მენეჯმენტის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტისების საქმის შესწავლაში პროკურატურის ჩართულობა მოითხოვეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც 2005 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრია, წლების განმავლობაში არღვევს იმ საერთაშორისო სტანდარტებს და პრინციპებს, რომლის დაცვის ეგიდითაც ევროპის მაუწყებლები ერთიანდებიან. სწორედ ამიტომ, მაუწყებელში მიმდინარე პროცესების, არსებული ხარვეზების შესწავლისა და მონიტორინგის მოწოდებით, ბოლო პერიოდში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მენეჯმენტის სახელზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად მაუწყებლის თანამშრომელთა სახელით რამდენიმე წერილი გაიგზავნა. გასულ წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის მოტივით, არასამთავრობოებმა ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომაც მოითხოვეს.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" დაუშვებლად მიიჩნევს მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას, დაშინებასა და სხვადასხვა ფორმით შევიწროებას. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობა, რაც მაყურებლის წინაშე არსებული მათი უმთავრესი ვალდებულებაა. ცალსახაა, რომ მაუწყებლის მოქმედი მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ის „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარების იარაღად არის გამოყენებული. ამდენად, კოალიცია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოქმედი მენეჯმენტის ცვლილებას და მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინა ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და სანაცვლოდ, პოლიტიკურად მიუკერძოებელი მენეჯმენტის ჩამოყალიბებას",- აღნიშნულია "მედიის ადვოკატირების კოალიციის" კვლევაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ