ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025

ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025

გია ხუხაშვილი - “ჩვენ, ფაქტობრივად, ოპოზიცია არა გვყავს”

ირაკლი მელაშვილი - “ეს საბჭოთა საქართველოს ბოლო ბრძოლაა ევროპული საქართველოს წინააღმდეგ”

დიდი ეჭვიანობა ოპოზიციაში და სალომე ზურაბიშვილის დილემა

ლაშა ძებისაშვილი - “რეალურად, ამ არჩევნებში მონაწილეობით ვთანხმდებით „ოცნების“ წესებით თამაშს“

* * *

“საზოგადოებაში ჩვენი განვითარების ვექტორის დეგრადაციის პროცესი აშკარად იგრძნობა. სულ სხვა საკითხია, რომ პროტესტი აქტიურ ფაზაში ვერ გადადის, იმდენად აქტიურში, რომ ხელისუფლებას მოსთხოვო რაღაცის შეცვლა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, სხვა არგუმენტებს, სამწუხაროდ, არ აღიარებს და ურაპატრიოტიზმსა და ფსევდორელიგიურობას ამოფარებული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობს. ამ დროს ვერ ხერხდება პროტესტის ისე კონსოლიდირება, რომ ხელისუფლება აიძულოს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. “ოცნება” ელის, რომ ვიზალიბერალიზაციას შეექმნება პრობლემები და ამას პროპაგანდისტულად უკვე ისე ფუთავენ, თითქოს სუვერენიტეტი უფრო მეტი ღირს, ვიდრე ვიზალიბერალიზაცია და ისევ ამ ურაპატრიოტულ ნარატივს ეფარებიან”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ, ფაქტობრივად, ოპოზიცია არა გვყავს” / “გახარიას კომისიაზე მისვლით ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა”.

“ის, რომ პროტესტი ძალას ვერ იკრებს, ჩემი აზრით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა - ვერ ახერხებენ ამ პროტესტის სტრუქტურირებას, ძალის მოკრებას, კონსოლიდაციას, სარდლის გარეშე კი ვერც ერთი არმია ომს ვერ იგებს - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ამასობაში ქართული სახელმწიფო ძალიან ზიანდება. საბედნიეროდ, ამას ჯერ შეუქცევადი ხასიათი არ მიუღია, მაგრამ ფაქტია, ვითარება ყოველდღიურად სულ უფრო მძიმდება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ ამავე დროს გვყავს არალეგიტიმური ოპოზიცია. მასაც არა აქვს დიდი მხარდაჭერა ხალხში. შესაბამისად, როდესაც არ იცი, რა გააკეთო, სხვისკენ თითის გაშვერაზე გადადიხარ. მათი სამიზნე ხელისუფლება უნდა იყოს, მაგრამ საკუთარ შეცდომებში, უსუსურობაში ვიღაცას უნდა დასდონ ბრალი, თორემ გახარია ახლა რასაც ამბობს, ეს პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. თუნდაც ის, რომ დღემდე არ ამბობს, მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამის გამო მისი დამუნათება და გაკრიტიკება, სტიგმატიზება და მძიმე შეფასებები აზრს მოკლებულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ეს ისევ “ოცნების” ინტერესებშია და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. კატათაგვობანას თამაშობენ და გახარიას კომისიაზე მისვლით თუ ხელისუფლებამ რაიმე პოზიტიური შედეგი მიიღო, ის არის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი რაღაც ჭორაობა იყო და საგნობრივი არაფერი ყოფილა. დღევანდელ ვითარებაში პროგნოზი ძალიან რთულია, რადგან ბევრი სუბიექტური ფაქტორი ზემოქმედებს ამ პროცესებზე და სამწუხაროდ, არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკურიც. საქართველოში პროცესების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია იმ დიდ გლობალურ პროცესზე, რაც უკავშირდება ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებას. აშკარაა, რომ ეს პროცესი მიდის, ხოლო ეპიცენტრში უკრაინაა და იქ პროცესების განვითარება პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალზეც. კიდევ უფრო რთულია პროგნოზირება, იმიტომ, რომ ძალიან სუბიექტური ფაქტორი შემოვიდა პროცესში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სახით, რომელსაც შეუძლია დილით ერთი თქვას და საღამოს სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. მგონი, ტრამპმა თვითონაც არ იცის, ხვალ დილით რომ გაიღვიძებს, რას იტყვის და ჩვენ რა პროგნოზი უნდა გავაკეთოთ?” - მიიჩნევს ექსპერტი.

“ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იპოვოს ხალხთან მისასვლელი გზა. დღეს პოლიტიკური კლასი ცალკე ცხოვრებით ცხოვრობს და ხალხის პროტესტი - ცალკე. რამდენი მარში ვიხილეთ, მაგრამ ყველაფერი დაქსაქსული და ამას პოლიტიკური გონი, კონსოლიდაცია სჭირდება. მაგრამ პოლიტიკური კლასი არაფერს აკეთებს, რომ ხალხთან ხიდი გადოს, ნდობა დაიბრუნოს, ავტორიტეტი მოიპოვოს, რაღაც გეგმა შესთავაზოს. პარტიას, რომლის დაძახებულზეც ხუთასი კაციც არ გამოვა, პარტიას ვერ ვუწოდებთ. ხელისუფლება მხოლოდ ძალას აღიარებს, სურს ძალით გადატეხოს წელში პროცესი. მას აღარ აწუხებს სხვა არაფერი - ადაპტაცია განიცადა ქუჩის გადაკეტვაზე, აჯარიმებს, აშანტაჟებს, იჭერს და ა.შ. პროცესი რაღაცნაირად მიჰყავს და მაინცდამაინც დიდ პრობლემას ვერ ხედავს ამ ყველაფერში. შესაბამისად, ის რომ დაამარცხო, ამ დიდი პროტესტის უფრო დიდი ძალის ფორმირება, კონსოლიდაცია უნდა მოახდინო. პროტესტი დაქსაქსულია, ამდენი მარში გაიმართა, ოღონდ ცალ-ცალკე და წარმოიდგინეთ, გაერთიანებული ძალით, კონკრეტული ტაქტიკითა და სტრატეგიით რომ შეუტიონ ხელისუფლებას, ეს იმხელა ძალა იქნება, ნებისმიერ ხელისუფალს წალეკავს, მაგრამ არავინ არის, ვინც ამ ყველაფერს თავს მოუყრის”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

“ერთადერთი, ვისაც შეეძლო ამის კაპიტალიზაცია, იყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ მისგანაც ვერ ვხედავთ სისტემურ აქტივობას. ეპიზოდურად რაღაცებს ცდილობს, მაგრამ ამას ვერ ექნება საჭირო ეფექტი. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიების არ ეშინია. მათი ენა მშვენივრად იცის და კატათაგვობანას ეთამაშება. მას მხოლოდ ხალხის, ამ პროტესტის კონსოლიდაციის ეშინია. ამიტომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეთოდურად მუშაობს, რომ პროტესტი მეტად დაქსაქსოს და საბოლოოდ სამზარეულოებში გადაიტანოს. ხელისუფლებას აქვს თავისი გეგმა და გეგმაზომიერად მუშაობს მეტ-ნაკლები წარმატებით, ოპოზიციას კი არც გეგმა აქვს და არაფერს აკეთებს, რომ ამას დაუპირისპირდეს. ეს არის ხელისუფლების კოზირი. ის ოპოზიციის სისუსტეზე დგას, მეტი საყრდენი დღეს “ოცნებას” არა აქვს და მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, სისტემაში. სისტემა წკიპზეა, მაგრამ ამ სისტემაში ხალხი ფიქრობს, კი, არ მომწონს ეს ხელისუფლება, მე შეიძლება ავდგე და გადავიდე საბოტაჟის რეჟიმში, მაგრამ მერე რა ხდებაო? ის მეორე მხარეს ძალას, ზურგს ვერ ხედავს, რომ სისტემამ ჩამოშლა დაიწყოს”,- განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დღეს სიტუაციის განვითარების ორი სცენარია: “ოცნება” მიჰყვეს დინებას ან გააკეთოს რამე მოულოდნელი. ოპოზიცია რომელიმე ამ სცენარისთვის რაიმე ფორმით ემზადება?” - პასუხობს:

“მათ ოპოზიცია პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, უფრო კომენტატორებად იქცნენ. მიჰყვებიან ხელისუფლების დღის წესრიგს და მერე აკეთებენ ამაზე კომენტარებს. ჩვენ არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც სისტემურად იმოქმედებდა. ინდივიდუალურად რომ გზაზე გადადგებიან და გზის გადაკეტვაში მიიღებენ მონაწილეობას, ეს პოლიტიკური პროცესი კი არა, ინციდენტური გამოხდომებია და მეტი არაფერი”

“ჩვენ, ფაქტობრივად, ოპოზიცია არა გვყავს. ჩვენ გვყავს დღეს უზარმაზარი არმია, რომელსაც არა ჰყავს სარდლობა, ოპოზიციას კი ხელის განძრევა არ უნდა. თუ რაღაცა მოხდა, მერე ხელისუფლებაში მოსვლა კი უნდათ, მაგრამ ამ გზის გავლა არ სურთ. მანქანის მძღოლობაზე აცხადებენ პრეტენზიას, მაგრამ საჭესთან კი არ სხდებიან, უკანა სავარძელზე არიან მოკალათებული და ელოდებიან, მანქანა როდის მიიყვანს A-დან B წერტილამდე. მანქანა უნდა მართო, მაგრამ არც მართვა შეუძლიათ და არც მაინცდამაინც დიდი სურვილი აქვთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას, რას ნიშნავს პლატფორმა? კიდევ ერთხელ ვამბობ - პოლიტიკური პარტიები, ცალ-ცალკე თუ ერთად, დღეს ლეგიტიმურები არ არიან. პროტესტი არც ერთ პარტიას არ იკარებს, არც ცალ-ცალკე და არც ერთად. მე მესმის ისეთი პლატფორმის აზრი, სადაც ისხდებიან მსახიობები, ექიმები, მასწავლებლები, სხვადასხვა სოციალური და პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, რადგან მათში არის ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლება დაამხოს, და არა პარტიებში, რომელთაც ხალხი მხარს არ უჭერს. სალომე ზურაბიშვილს მილიონჯერ შევთავაზე, რომ ეს გაეკეთებინა, მაგრამ რატომღაც არ აკეთებს”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

“ოცნებას” შეუძლია “დიფ სთეითს” დააბრალოს ყველაფერი, ახალი მსოფლიო შეთქმულება მოიგონოს, მაგრამ ფაქტია, ქვეყანას თუ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი დაუდგა, ეს განუზომლად გააუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას და არა მხოლოდ იმით, რომ ევროპაში­ მოგზაურობის საშუალება შეეზღუდებათ, იმითაც, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა ევროპაში წასული ლეგალურად თუ არალეგალურად და ამით სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, ეს კი გაართულებს სოციალურ ფონსაც. მაგრამ, სოცქსელებში ვუყურებ, “ოცნების” მომხრეები იხტიბარს არ იტეხენ. როდესაც პროტესტი დაიწყო, მაშინაც ვთქვი, ეს საბჭოთა საქართველოს ბოლო ბრძოლაა ევროპული საქართველოს წინააღმდეგ-მეთქი. იქით მხარეს დგანან ადამიანები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ვერ იპოვეს თავი ახალ სისტემაში და ამას აბრალებენ კაპიტალიზმს, ამერიკას, ევროპას და ა.შ. ისინი ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირში რომ ეცხოვრათ, ბევრად წარმატებული იქნებოდნენ. დღეს `ქართული ოცნება~ ამ კატეგორიას ეყრდნობა და მასში უფრო აღვივებს განწყობას, რომ ყველაფერში დამნაშავე დასავლეთია”, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს ოპოზიციას მარგინალიზაციამდე მიიყვანს”.

“როგორც ჩანს, საზოგადოებას ამზადებენ, რომ კიდევ უფრო გართულდება ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და უფრო დაგვაახლოებენ ავტორიტარულ ქვეყნებთან. ამ დღეებში აზერბაიჯანში იყო ყაველაშვილი, რომელიც დაწერილ ტექსტს კითხულობდა, მაგრამ საინტერესო ის იყო, ეს ვინც დაუწერა, იქ რა ჩადო. თქვა, საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთნაირად ებრძვიან და ორივე ერთნაირად იცავს საკუთარ სუვერენიტეტსო. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ აზერბაიჯანის დონეზე, ყოველთვის გამორჩეული ვიყავით იმით, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყო. საით მიჰყავს “ქართულ ოცნებას” ქვეყანა და რა ტიპის მმართველობა სურს, იმ ტექსტში კარგად ჩანდა. “ოცნებას” არ უნდა ევროპა იმიტომ, რომ ევროპა სთხოვს დემოკრატიულ სტანდარტებს, ღია საზოგადოებას, თავისუფალ მედიას, ეს ყველაფერი კი საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას, მათ ეშინიათ, რომ დემოკრატიის პირობებში ძალაუფლებას დაკარგავენ, ამიტომ სურთ დემოკრატია მოსპონ და აზერბაიჯანის მსგავსი ავტოკრატია დაამყარონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“დღევანდელი პოლიტიკური პარტიები გასული არიან პოლიტიკური პროცესიდან და მიტინგებს ატარებს ხალხი. ამ პროტესტს ისინი არ და ვერ მართავენ, მხოლოდ დამკვირვებლების როლში არიან და ეს არის ყველაზე დიდი უცნაურობა. მე, მსგავსი რამ არ მახსენდება. ეროვნული მოძრაობის ერთი ძველი წარმომადგენელი შემხვდა, ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ხშირად გვიწევდა ყოფნა, და მითხრა, რა დრო დადგა, ადრე ლიდერები ერთმანეთს აქციებს ართმევდნენ და ახლა ამათ ოღონდ პასუხისმგებლობას ნუ ააღებინებ და მზამზარეულ პროტესტსაც ვერ იყენებენო. სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაში პარტიების გაერთიანებას მაშინ აქვს აზრი, თუ ისინი მართავენ საპროტესტო აქციებს და ამისთვის სჭირდებათ კოორდინაცია, თუ მონაწილეობენ არჩევნებში და უნდათ ავტორიტარული ხელისუფლების დამარცხება, ან თუ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან ხელისუფლებასთან და სჭირდებათ პოზიციების შეთანხმება და ერთიანი პოზიციებით გამოსვლა. არც ერთი ხდება, არც მეორე და არც მესამე. ასეთ ვითარებაში კი რომც გაერთიანდნენ, რა შეიცვლება?” - განაგრძობს რესპონდენტი.

სალომე ზურაბიშვილთან მათი შეკრებების იდეა უკვე ჩავარდა და ამის მიზეზი ის არის, რომ თავიდანვე არასწორად დაიწყო. უნდა დაწყებულიყო მიზნით. ტაქტიკურ მიზანს, რომ ბოიკოტი გამოუცხადო არჩევნებს, გაერთიანება არ სჭირდება, რადგან ბოიკოტს ერთიანად აცხადებ თუ ცალ-ცალკე, არაფერი იცვლება. საერთოდ იდეა, რომ ბოიკოტმა შეიძლება გაგვაერთიანოს, აბსურდულია, რადგან ბოიკოტს გაერთიანება არ სჭირდება. მაგრამ, როდესაც საკითხი დგას, თუ რას გააკეთებენ პარტიები, ირჩევენ ყველაზე ცუდ გზას - პასიურ ბოიკოტს. თუ არჩევნებზე არ მიდიხარ და გაიძახი, ავტოკრატიული რეჟიმია, მაშინ იმის ორგანიზება მაინც გააკეთე, რომ ჩაშალო არჩევნები. მოუწოდე მოსახლეობას, არ მივიდეს არჩევნებზე, მთელი შენი ძალა მიმართე აგიტაციაზე, რათა მოსახლეობის ისეთი დაბალი აქტიურობა იყოს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ქვეშ. ამასაც არ აკეთებენ, რაღაც გაბღენძილ პოზაში დგანან და მერე გაბრაზდებიან საზოგადოებაზე, ჩვენ ბოიკოტი გამოვაცხადეთ და საზოგადოებასაც უნდა გამოეცხადებინაო. ეს ყველაზე ცუდი გზაა და ამიტომაც არის ასეთი დაბნეულობა საპროტესტო მოძრაობაშიც”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“არ ჩანს თავი, ჯგუფი, რომელიც საპროტესტო ტალღას, ენერგიას ერთი წერტილისკენ მიმართავს. არის შეკრებები, გზა იკეტება, პროტესტი არსებობს, მაგრამ შედეგი რა არის? ასეთი ქაოსური მდგომარეობა ოპოზიციას მიიყვანს სრულ მარგინალიზაციამდე. ოპოზიცია უკვე დამდგარია ამ გზას. თუ ხელისუფლებამ მოახერხა და ჩაატარა თვითმმართველობის არჩევნები ისე, რომ ოპოზიციამ უარი თქვა მონაწილეობაზე, მაშინ ეს პარტიები მარგინალიზაციის გზას დაადგებიან. დასავლეთიც პრაგმატული იქნება და მაშინვე გაჩნდება კითხვა (რამდენადაც ვიცი, უკვე არის გაჩენილი), თუ ვის წარმოადგენს ეს ხალხი და რამდენად დიდია მათი გავლენა საზოგადოებაზე. თუ ვინმე ისეთი ბრიყვია ოპოზიციაში, ვერ ხვდება, რომ დასავლეთს მხოლოდ სოცქსელების ანალიზითაც კი შეუძლია გააკეთოს დასკვნები, რამდენად პოპულარულია ჩვენი ოპოზიცია, მაშინ საერთოდ ლაპარაკს რა აზრი აქვს? უკვე რამდენიმე თვეა ვამბობ, თუ ასე წავიდა პროცესი, რომ არჩევნებში ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში, ეს 4 პარტია მონაწილეობას არ მიიღებს, “ქართულ ოცნებას” გამარჯვებას ხონჩით მიართმევენ და ეს პარტიები თამაშგარედ დარჩებიან. შედეგიც იქნება ძალიან მარტივი - ოპოზიციის უფრო მეტად მარგინალიზაცია, დაპირისპირება პროტესტანტ საზოგადოებასთან და “ქართული ოცნების” გამარჯვება”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.

“ქართული ოცნებისთვის” მოგებიანია, თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ წავა არჩევნებზე, ნაწილი წავა, ოპოზიციური ამომრჩეველი გაითიშება და ამ გათიშვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ გაიმარჯვებს, ისე, რომ გაყალბებაც კი არ დასჭირდება. მერე ამას საერთაშორისო არენაზეც სათავისოდ გამოიყენებს, აი, ოპოზიციამ თავისი ნებით არ მიიღო მონაწილეობა, რადგან იცოდა, ვერ გაიმარჯვებდა და ყველანაირი გაყალბება მოგონილიაო, და ა.შ. - ანუ შარშანდელ შედეგებსაც “გააპრავებს”. არადა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია რომ გაერთიანდეს, კარგად დააორგანიზოს ამომრჩეველი და თბილისში მაინც ჩართოს პროცესში - აგიტაციაში, უბნების დაცვაში - ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს, რომ ამ ხალხს მოუგოს. თბილისის მოგება კი არ არის პატარა საქმე... როგორი დამოკიდებულებაც აქვს დასავლეთთან “ქართულ ოცნებას”, რომ ცდილობს მტერი მოყვარედ წარმოაჩინოს და პროპაგანდისტული მეთოდებით შეცვალოს რეალობა, ჩემი აზრით, იმავეს აკეთებს ოპოზიციის ნაწილიც, როდესაც ცდილობს თუნდაც მხოლოდ თბილისის წართმევა გამოიყენოს ივანიშვილის სასარგებლოდ”, - დასძენს მელაშვილი და შეკითხვაზე - “საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ქუჩაშია, ამბობს, რომ ოპოზიციამ ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ფაქტია, ისინი არ წავლენ არჩევნებზე და მაშინ რა უნდა ქნას ოპოზიციამ?” - პასუხობს:

“ამ ადამიანებს ექვსი თვეა უმტკიცებენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და ახლა სხვას რას ველოდებოდით? ეს საკითხი სოცქსელებშიც ძალიან აქტუალურია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციაში ძალიან რადიკალური აზრის გამარჯვებას სწორედ ხელისუფლება უწყობს ხელს. მე ამის მტკიცებულება არა მაქვს, მაგრამ ხშირად მომხდარა ასე საქართველოს ისტორიაში ბოლო 35 წლის განმავლობაში. ერთია ის საზოგადოება, რომელიც რუსთაველზე ყოველ საღამოს იკრიბება, მაგრამ ეს არის მაინც მცირე ნაწილი, რამდენი ათასიც არ უნდა იყოს, და საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ყოველთვის რადიკალიზმის წინააღმდეგია. ამ მეთოდით კი, როდესაც ეუბნები, არჩევნებზე უარი უნდა თქვაო, და ალტერნატივად არაფერს სთავაზობ, რა უნდა გააკეთოს, სინამდვილეში ამით ფრუსტრაციაში აგდებ მათ, ვინც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არის განწყობილი, ხვდება, რომ ხელისუფლება ბოიკოტით არ მიდის, რევოლუციის თავი არავის აქვს და არჩევნების გარდა, სხვა რა რჩება? იდეა, რომ ივანიშვილი ჩაალაგებს ჩემოდნებს და გაიქცევა, უკან გაჰყვებიან პარლამენტიც, მთავრობაც და ოპოზიციას დაუტოვებენ ქვეყანას, იმდენად არარეალურია, სერიოზულად არავინ განიხილავს, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის გარდა, რომლებიც სერიოზული სახეებით ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ მაშინ, როდესაც ხელისუფლება გადადგება და გაიქცევაო”...

“გასულ კვირას ქართულ პოლიტიკაში ორი მთავარი თემა იყო - გიორგი გახარიას მისვლა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში და დიდი ეჭვიანობა ოპოზიციაში, თუ ვინ აპირებს ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. დავიწყოთ გახარიას 6-საათიანი გამოკითხვით. პირველი საკითხი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების თემა იყო. რა გავიგეთ ახალი? ერთი მნიშვნელოვანი ამბავი - კერძოდ, გახარიას მტკიცებით, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ. მისივე თქმით, პოლიციელები მოქმედებდნენ თავდაცვის რეჟიმში და ამის უფლება ჰქონდათო. 20 ივნისის მოვლენების ბევრ კადრში ჩანს - პოლიციელები ისვრიან რეზინის ტყვიებს მაშინაც, როდესაც მომიტინგეები მოშორებით არიან და მათ ფიზიკურად არავინ ემუქრება. გახარიას ისე გამოუვიდა (ყოველ შემთხვევაში, თქვენი მონა-მორჩილის აზრით, მიანიშნა ამაზე), თითქოს არ იცოდა და ვიღაც სხვამ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. კი მაგრამ, თუ ასეთი­ ეჭვი ჰქონდა, სულ მცირე, მოკვლევა უნდა ჩაეტარებინა თავის უწყებაში (თუ ეს სიმართლეა, რა თქმა უნდა)”,- წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ეჭვიანობა ოპოზიციაში და სალომე ზურაბიშვილის დილემა.

“კვლავ უპასუხოდ დარჩა კითხვა, ვინ და რატომ გადაწყვიტა, რომ 20 ივნისს პოლიციის კორდონი დაეყენებინა არა პარლამენტის ეზოში, არამედ წინ, გაღიზიანებული ხალხის საპირისპიროდ. კომისიის წევრებმა წარმოადგინეს აქციის დაშლის გეგმა, სადაც უამრავი ცარიელი ფურცელი იყო. ამაზე გახარიას პასუხი გაურკვეველია. მოკლედ, კომისიის მიზანი იყო გახარია გამოეყვანა არაკომპეტენტური, ყოფილი პრემიერის მიზანი კი პოლიტიკური პიარი იყო. ვის რა, როგორ და რამდენად გამოუვიდა, თავად განსაჯეთ. ფაქტი ერთია - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა როგორც გახარიასთან, ისე დღეს ხელისუფლებაში მყოფ მის ყოფილ თანაგუნდელებთან. მეორე საკითხი იყო ჩორჩანას საგუშაგოს საკითხი. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, როდესაც ასეთ სპეციფიკურ თემებს ეხება ხოლმე საკითხი, ჯობს დახურონ კომისიის სხდომა. რაც შეეხება უშუალოდ საკითხს - გახარია ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნით მან რუსებსა და მათ მარიონეტებს დამატებითი ტერიტორიების მიტაცებაში ხელი შეუშალა, კომისიის წევრების მტკიცებით კი გახარიას ამ გადაწყვეტილებამ ლამის ესკალაცია გამოიწვია და ოკუპანტმა ტერიტორია მაინც მიიტაცა. ვინ მტყუანია და ვინ მართალი, ამის დადგენას ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის დეტალურად შესწავლა სჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მესამე საკითხი იყო 2021 წელს ნიკა მელიას დაკავება. გახარია ამტკიცებდა, რომ ის “ნაცმოძრაობის” ოფისში გამაგრებული ნიკა მელიას აყვანის ოპერაციის ჩატარებას მაშინ ითხოვდა, როდესაც საამისო პირობები იქნებოდა. მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” ოფისი გაუგებარი ხალხით იყო სავსე და მოვლენების მძიმედ განვითარების რისკი არსებობდა. ყოფილი პრემიერის განმარტებით, მას პოლიტსაბჭოს წევრები დაეთანხმნენ, თუმცა შემდეგ გაქრნენ, რადგან საქმეში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გახარიას გვერდის ავლით აძლევდა მითითებებს მინისტრებს. ამის შემდეგ გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის წევრები კი ცდილობდნენ საქმე წაეყვანათ იქით, რომ 2021 წლის თებერვალში გახარია შეხვდა აშშ-ის ელჩს და მისგან მიიღო მითითება თანამდებობის დატოვებისა და ოპოზიციაში გადასვლის თაობაზე. გახარიას ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მას ნიკა მელიას დაკავება ისე სურდა, რომ დასავლეთს მწვავე რეაქცია არ ჰქონოდა და ის შემდეგ გირაოთი არ გათავისუფლებულიყო. თუმცა ისმის კითხვა - როგორ უნდა მომხდარიყო ეს? დასავლეთი მაშინ ცდილობდა 2020 წლის საპარლამენტოს არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გამო შუამავლის როლი ეთამაშა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რაც წარმატებით დასრულდა 2021 წლის აპრილში, როდესაც­ გაფორმდა `შარლ მიშელის დოკუმენტი~ და ოპოზიცია პარლამენტში შევიდა”,- განაგრძობს გამოცემა.

“ქვეყანამაც რამდენიმე თვით ამოისუნთქა, სანამ 2021 წლის ოქტომბერში სააკაშვილი საქართველოში არ შემოიპარა, ნიკა მელია კი იყო ოპოზიციის ერთ-ერთი­ ლიდერი და მის დაკავებაში დასავლეთი ესკალაციის საფრთხეს ხედავდა. შესაბამისად, რა მნიშვნელობა ჰქონდა ნიკა მელიას “ნაცმოძრაობის” ოფისში დააკავებდნენ, სკვერში, პლაჟზე თუ საძინებელში?! გახარიას კომისიაზე მისვლამ და შემდგომ ტელეეთერში გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი. “ნაცმოძრაობამ” და “ახლებმა” (განსაკუთრებით გვარამია აქტიურობდა) დაიწყეს მტკიცება, აი, თუ არ არის გახარია შეკრული “ოცნებასთან”, კომისიას “უპრავებსო”. თუმცა შემდეგ, რაც გახარიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას (მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას), ოპოზიციაში ახალი ძალით იფეთქა დისკუსიამ, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ძალთა ბალანსი ასეთია: გახარიას პოზიციაზე ზემოთ ვისაუბრეთ. მამუკა ხაზარაძის “ლელო” ამბობს, რომ არჩევნებამდე 5 თვით ადრე ამ საკითხზე საუბარი არარე­ლევანტურია. “ნაცმოძრაობა” და გვარამია-მელიას პარტია კატეგორიულად აცხადებენ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ნაცმოძრაობასა” და “ახლებს” ისე გამოჰყავთ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმაცია იქნება. გახარია მათ მოუწოდებს “ყველამ თავის საქმეს მიხედოს”. გაყოფილია პოლიტიკით დაინტერესებული ხალხის აზრიც. სხვათა შორის, ქართველ ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ოპოზიციამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების კანონიერებას აღიარებენ ან დღის წესრიგიდან ხსნიან ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს. ეს თემა ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა კარგად ჩამოაყალიბა “კვირის პალიტრის” ერთ-ერთ წინა ნომერში: “თურმე ივანიშვილთან შეკრულები ყოფილან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ “ოცნებას” წავართვათ თბილისი, მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმა, რაც მისთვის პირველი იქნება, რადგან ივანიშვილს 2012 წლიდან არც ერთი არჩევნები არ წაუგია. საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ოპოზიციის შეცდომებმა განაპირობა ის, რომ გაყალბება ეფექტიანი აღმოჩნდა. ამიტომ თბილისის მოგება იქნება პირველი გამარჯვება... დაფიქრება ნამდვილად ღირს “ოცნებისთვის” თბილისის მერის წართმევაზე და ეს იქნება ხელისუფლებისთვის უდიდესი მარცხი”, - წერს სტატიის ავტორი.

“შეიძლება მართლაც ორმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, ორმა კი არ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში “ერთიანი ბოიკოტის” იდეა ჩაიფუშება. შესაბამისად, არჩევნებში არმონაწილე პარტიებისთვის დიდია რისკი, რომ მარგინალიზაციის გზას დაადგნენ. “ნაცმოძრაობა” და “ახალი” გახარიას ხელისუფლების “გაპრავებასა” და ლამის “ოცნების” სატელიტობაში ადანაშაულებენ. ხურდას გახარიაც კარგად უბრუნებს. თავის მხრივ, ყოფილი პრემიერის პარტია არ აკონკრეტებს, განაგრძობს თუ არა თანამშრომლობას “წინააღმდეგობის პლატფორმასთან”. თუ სალომე ზურაბიშვილს მუდმივად ასეთი “ფუტკრის სკა” ექნება “წინააღმდეგობის პლატფორმაში” ან პარტიები მუდმივად ერთმანეთთან გაბუტულები ივლიან, არანაირი პლატფორმა თუ ქარტია არ გამოვა. პირიქით - თან ვითომ ერთად ყოფნით და თან ერთმანეთისთვის ქვების სროლით ამ პლატფორმასაც გააბიაბრუებენ და კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს დაკარგავენ. პოლიტიკური პარტიების დასაყრდენის გარეშე დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს შეძლებს... ამიტომ ხომ არ ჯობს სალომე ზურაბიშვილი შეეშვას იმის მცდელობას, რომ ყველა პარტიას რომელიღაც ერთი მითური პალტფორმის გარშემო მოუყაროს თავი, დაეყრდნოს ერთ კონკრეტულ პარტიას და ეცადოს მიზნების მიღწევას თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?!” - დაასკვნის სტატიის ავტორი.

“ჩვენ თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, მაშინ ლოგიკურია, რომ ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ამ საარჩევნო კომისიით ჩატარდება, არასოდეს იქნება გამჭვირვალე. ვიცით, რომ ეს მექანიზმი ყოველთვის იქნება გამოყენებული, რომ მმართველმა გუნდმა სასურველი შედეგი მიიღოს. მაშინ ისმის კითხვა: რატომ უნდა დავთანხმდეთ მორიგ ტყუილში მონაწილეობას, როცა ვიცით, რომ ჩვენი მონაწილეობა ამ არჩევნებში იქნება ამ ტყუილის ლეგიტიმაციის, ტყუილი შედეგებით გაფორმებული ხელისუფლების თუ ადგილობრივი მმართველობის “გაპრავება”? მსმენია, თუ იმდენად მობილიზდება ხალხი, 100 კაციდან 90-მა ოპოზიციას მისცა ხმა, რამდენი შეიძლება გააყალბოს “ოცნებამ”, ბევრს ხომ ვერ დაიწერსო. აქ დგას ორი პრინციპული საკითხი: ჩვენ არ ვიცით, რეალურად “ოცნება” რაზეა წამსვლელი _ 5, 10 თუ 30%-იან გაყალბებაზე”,- აცხადებს პოლიტოლოგი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რეალურად, ამ არჩევნებში მონაწილეობით ვთანხმდებით „ოცნების“ წესებით თამაშს“.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდგომ) ოპოზიციას სხვა არაფერი არ უნდა გაეკეთებინა, გარდა იმისა, რომ გაერთიანებულიყო, თუმცა მან დაამტკიცა, რომ კოორდინირებული მუშაობის უნარი არ აქვს. ამის მაგალითები არ გვქონია არც ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტში, განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდგომ, როცა “ოცნებამ” გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. არ ვიცით და არც გარანტია გვაქვს, რომ გაერთიანება მოხერხდება. ვიცით, რომ გახარია ამ ერთიანობაში აღარ შედის. ისიც ვიცით, რომ არც ისე მყარი ურთიერთობა აქვთ “ლელოსა” და “ნაცმოძრაობას”. ცალკეა კიდევ “კოალიცია ცვლილებებისთვის”. ჯერ არავითარი საფუძველი არ არსებობს ოპოზიციიდან კანდიდატის დასახელების. აქ საუბარია კოორდინირებულ მუშაობაზეც, მაგალითად, არსებობს თუ არა ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება თბილისის განვითარებაზე, რა გეგმებია... კიდევ ერთი საკითხი - ოპოზიციურ პარტიებს ნუ ჰგონიათ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოპოვებული ხმები მათია. ეს საპროტესტო ხმებია: ვინც არჩევნებზე მივიდა, 55%-მა გადაწყვიტა, ხმა არ მიეცა “ოცნებისთვის”, მათ ცუდსა და უარესს შორის გააკეთეს არჩევანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ოპოზიციასთან ერთად ყველანაირ ავანტიურაში გადაეშვებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.

“მოლოდინი იმისა, რომ ამ ოპოზიციის ვითომ თეორიული გაერთიანებითა და ვითომ კანდიდატის დასახელებით ეს ამომრჩეველი მაქსიმალურად მობილიზდება, გავარდება და მას მისცემს ხმას, აბსურდია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტი მობილიზებით მივიდეს არჩევნებზე, კიდევ ერთხელ ენდოს ოპოზიციას, ლეგიტიმაცია მიანიჭოს საარჩევნო კომისიას მაშინ, როცა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდება. ამ გზით ლეგიტიმაციას ვუკეთებთ არა მარტო თვითმმართველობის, არამედ გასულ საპარლამენტო არჩევნებსაც. გამოდის, ტყუილად ვამბობდით, რომ შედეგები გაყალბდა, მაშინ ვაღიაროთ საპარლამენტო არჩევნების შედეგები. “ქართული ოცნება” აკვირდება სოციოლოგიურ ანალიზს, განწყობებს მოსახლეობაში და კარგად ხვდება, რომ მის მიმართ მოსახლეობის საშინელი განწყობისა და მისი რეიტინგის ვარდნის (ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 70% ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და აქედან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს) მიუხედავად, ოპოზიციის რეიტინგი პრაქტიკულად განულებულია. ახლა რომ ჩატარდეს გამოკითხვა, ნამდვილად, გულწრფელად ხართ თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი და იდეური მომხრეო, დაინახავთ, რომ ასეთი ხალხის რაოდენობა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ უფრო შემცირებულია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოცნება” რომ ამბობს, მილიონ ორასი ათასმა მოგვცა ხმაო, რეალურად, ამდენი ხმა ხალხმა ოპოზიციას მისცა, უბრალოდ, მერე გაყალბებით მიიწერა “ოცნებამ”. ორი რამ ევალებოდა ოპოზიციას - ნამდვილი შედეგების დაცვა და ხალხის მობილიზება (რასაც მხოლოდ ერთიანობით შეძლებდა), მაგრამ ესეც ვერ მოახერხა. 28 ნოემბერს, კობახიძის განცხადების მერე, ხალხი ქუჩაში გამოვარდა და ოპოზიციაც მაშინ გამოვიდა ლეთარგიული ძილიდან, ის ვერ იქცა სახალხო პროტესტის ლიდერად, მეტიც, დაკარგა ნდობის ხარისხი, რომელიც არჩევნების წინ შეაკოწიწეს. ამის ფონზე “ოცნებამ” იცის, ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, გაცილებით ნაკლები ოპოზიციონერი ამომრჩეველი მივა და ის ძველებურად მოახერხებს თავისი 25-30%-ის მხარდამჭერების მობილიზებას და ეყოლება გარანტირებული უმრავლესობა, ამიტომაც შეიძლება ორივე არჩევნები ერთად დანიშნოს. იმ დიდ ძალას, რასაც წარმოადგენდა პროევროპული მოძრაობა, ქმნიდნენ მედია, საზოგადოებრივი აქტივისტები, გაერთიანებები, ენჯეოები და ა.შ. ახლა არჩევნებზე არ იქნებიან დამკვირვებლები, “გრანტებისა და მედიის შესახებ” კანონი მიღებულია”, - განმარტავს პოლიტოლოგი.

“პრაქტიკულად, “ოცნება” ყველა ფრონტზე სასურველ პირობებს იქმნის, ამიტომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ან პარტიის დაარსება, ძნელად წარმოსადგენია - იმდენი ჭკუა კი აქვს “ოცნებას”, რომ ახალ პარტიას არ უნდა მისცეს ჩამოყალიბების დრო და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება, ამიტომაც შეიძლება შედიოდეს მის გეგმებში საპარლამენტო არჩევნების გადმოწევა ოქტომბერში. მეორე მხრივ, რაც მეტი დრო რჩება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, მით უფრო დიდხანს იწელება “ოცნების” მთავრობის არალეგიტიმურობა - მას გარეთ დასავლეთი არ აღიარებს, ქვეყანაში - მოსახლეობა და ეს მისთვის სერიოზული დისკომფორტია. რაც უფრო დიდხანს გაიწელება ეს პერიოდი, მომდევნო სამი წელი, წარმოიდგინეთ, რამდენი შეცდომა შეიძლება დაუშვას “ოცნებამ” შიდაპოლიტიკურ სივრცეში. რაც უნდა მაგარი ანალიტიკოსები ჰყავდეს, არ არის გამორიცხული, პოლიტიკური კრიზისის, გარე პრესინგის, სანქციებისა და ეკონომიკური უკუსვლის გამო უფრო სერიოზული შეცდომები დაუშვან. შეიძლება რუსეთმა გადადგას ისეთი გაუთვალისწინებელი ნაბიჯი, რითაც საფრთხე შეუქმნას საკუთრივ “ოცნებას”. ამიტომ სურს გადმოსწიოს არჩევნები, რათა ამით სრული ლეგიტიმაცია მიიღოს, დარჩეს მომდევნო 4 წელი”, - ამტკიცებს ლაშა ძებისაშვილი.

“შეიძლება საკენკიც გადმოყაროს, გაათავისუფლოს სინდისის პატიმრები და, დიდი ალბათობით, მაქსიმუმ, “ფარა” შეაჩეროს (ისე, “ფარაზე” გაცილებით უარესი “გრანტების შესახებ” კანონია). რეალურად, ამ არჩევნებში მონაწილეობით ვთანხმდებით მათი წესებით თამაშს. ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა ჩემთვის იქნება ნიშანი იმისა, რომ ისინი არა სისტემის შინაარსობრივი გაჯანსაღებით არიან დაკავებული, არამედ სურთ, როგორმე გადარჩნენ პოლიტიკურად. მათაც ესმით, რომ ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში თუ სხვა ჯანსაღი ალტერნატივა ჩამოყალიბდა, პოლიტიკური მომავალი არა აქვთ. ამიტომ ურჩევნიათ, როგორც მინიმუმ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად გაიხანგრძლივონ პოლიტიკური საქმიანობა, რასაც მსუყე ფინანსური უზრუნველყოფაც მოჰყვება”, - დასძენს ძებისაშვილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს