თინა ბოკუჩავა - ვრჩებით იმ აზრზე, რომ საერთაშორისო ვიზიტი ლეგიტიმაციის შესაძლებლობას აძლევს სამთავრობო პროპაგანდას და ეს წუხილი ეუთოს გენერალურ მდივანს ღიად გავუზიარეთ

კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოთხოვნა: ეს არის ახალი, დემოკრატიული, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციასა და ეუთო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდგომ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკუჩავას განმარტებით, ეუთო-ს გენერალურ მდივან, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ მოსაზრებებიც გაუზიარეს.

„ჩვენ კვლავ ვრჩებით იმ აზრზე, რაც გავუზიარეთ, მათ შორის ეუთო-ს გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი შესაძლებლობას აძლევს სამთავრობო პროპაგანდას, რომ სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან ვიზიტი გამოყენებული იქნას მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. რა თქმა უნდა, ეს წუხილი ჩვენ, მათ შორის ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ იმიტომ, რომ ამაში დასამალი არაფერი არ არის და არავის სურს, არც ბატონ სინირლიოღლუს, რომ ინსტრუმენტალიზებული და გამოყენებული იყოს არალეგიტიმური, დე ფაქტო, რუსული რეჟიმის და მათი პროპაგანდის მიერ. ამიტომ, მერწმუნეთ, ხელისუფლების მხრიდან ეს მცდელობა ნამდვილად ჩავარდა და იყო სრულიად წარუმატებელი.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომლის ირგვლივაც კონსოლიდირებულია საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის ახალი საპარლამენტო დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციების შესრულებას, რისი პირობაც ქალბატონმა ბოჭორიშვილმა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დადო, თუმცა დაირღვევა, როგორც არაერთხელ დაურღვევიათ მის წინამორბედებს და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ განვიხილეთ მათი მდგომარეობა, მათი უკანონო პატიმრობა და გათავისუფლების აუცილებლობა. ეს გულისხმობს ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით იდევნება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ