პარლამენტის ახალი რეგლამენტით, მინისტრების ინტერპელაცია სასესიო კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება, თვეში ერთხელ კი, ამავე პროცედურით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მივა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, “მინისტრის საათის“ ფორმატი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ახორციელებდეს.

ამ არგუმენტით ახსნა პაპუაშვილმა ახალი რეგლამენტის პროექტის ერთ-ერთი სიახლე, რომლის ამოქმედების შემდეგ, პარლამენტში “მინისტრის საათი“ აღარ გაიმართება. პაპუაშვილმა რეგლამენტის პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით - მუხლობრივად წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მთავრობის საქმიანობის კონტროლის ფარგლებს კონსტიტუცია განსაზღვრავს და პარლამენტის კონტროლის იმ ინსტრუმენტებს უნდა მიჰყვეს, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. მან ამ კონტექსტში აქცენტი ინტერპელაციაზე, ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისთვის სადეპუტატო კითხვის გაგზავნის მექანიზმსა და მათ კომიტეტებში დაბარებაზე გააკეთა და როგორც განაცხადა, თუ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირები ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ეს შეიძლება მათი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

“საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები განსაზღვრულია კონსტიტუციით. ეს აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული დაცვაა, რომ პარლამენტი დამატებით ინსტრუმენტებს არ გამოიგონებს, რაც კონსტიტუციას ცდება. გამიჯვნის პრინციპიც სწორედ ეს არის, რომ კომპეტენციები განსაზღვრულია კონსტიტუციით და პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ახორციელებდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა “მინისტრის საათის“ გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას.

პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალი რეგლამენტი მინისტრების პარლამენტში ინტერპელაციით მოწვევის შესაძლებლობას და ინტერპელაციების გამართვის რაოდენობას ზრდის. მისივე ინფორმაციით, ინტერპელაცია სასესიო კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება. თვეში ერთხელ კი, ამავე პროცედურით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მივა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს