„რეალური სივრცის“ გუნდი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და უარს ამბობენ მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემაში დასაქმებაზე

გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და შესაბამისად, უარს ამბობენ მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაში დასაქმებაზე. ამის შესახებ გადაცემის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ „საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის დახურვას“.

„30 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება:

„იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული ტოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ნინო ზაუტაშვილთან ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „საზმაუს“ მენეჯმენტის სურვილია დაშალოს „რეალური სივრცის“ გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე.

ჩვენ შემოგვთავაზეს მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებ-გვერდზე, „პრომოუშენის“ დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაზე.

ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს; არ აკეთოს გადაცემა, რომელიც ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას - ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

„რეალური სივრცე“ 12 წლის წინ შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი მიზანი იყო, რომ ადამიანებისა და მათ მიერ დაქირავებულ სახელმწიფო მოხელეებს, პოლიტიკურ ოფიციოზს შორის თანასწორი დისკუსიის შესაძლებლობა და ველი შეგვექმნა.

გადაცემის არსებობის 12 წლის თავზე, შეგვიძლია თამამად და სიამაყით ვთქვათ, რომ თითქმის არ არსებობს მწვავე სოციალური თემა, რომლისთვისაც პირდაპირი ეთერი არ დაგვითმია.

შეიძლება უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ვინც „საზმაუს“ კართან დადგა ვერ დავუთმეთ სივრცე, მაგრამ რაც 12 წლის განმავლობაში ასობით გადაცემამ დაიტია, იმდენი ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, ქალაქის, სოფლის თუ დაბის პრობლემა მოვისმინეთ ჩვენ და მოვიტანეთ თქვენამდე.

აქვე ერთი, შეიძლება ვინმესთვის უმნიშვნელო დეტალი - ჩვენს სამუშაო ოთახთან მოსასვლელად მოქალაქეს არ სჭირდებოდა საშვი, ამიტომ თითქმის ყოველ დილას ჩვენს კარზე აკაკუნებდა მოქალაქე კითხვით - აქ არის „რეალური სივრცე“?

მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით.

ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა - „რეალური სივრცე“ და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.

დასასრულს, მხნეობას და მედგრად ყოფნას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს და თანამოაზრეებს იმ გუნდიდან, რომელსაც ჰქვია „საზმაუს“ მცველები, რომლებიც რჩებიან საზოგადოებრივ მაუწყებელში და აგრძელებენ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას „საზმაუს“ იდეის დასაცავად.

ჩვენ ვრჩებით მათ გვერდით და გარედან არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოებამ ბოლოსდაბოლოს მიიღოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენს კოლეგას, მზია ამაღლობელს, რომლის სიტყვებიც - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის - უნდა გვახსოვდეს. ჩვენი ბრძოლის ერთადერთი საშუალება კი სიმართლის თქვენამდე მოტანაა, გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდს, ამ არხზე, ეს შესაძლებლობა აღარ აქვს.

აქვე, წარმატებას ვუსურვებთ „საზმაუს“ ყველა თანამშრომელს.

ყოველთვის არის შესაძლებლობა თქვენს სამონტაჟოებში, გადაღებისას, ტექსტის წერისას თუ პირდაპირ ეთერში, რომ შეძლოთ ამ პროფესიის ღირსების დაცვა. ჩვენ გვჯერა, რომ, უკვე, როგორც მაყურებლები, ისე გავიგონებთ თქვენს ხმას.

ამის მაგალითიც ჩვენ უკვე გვაჩვენეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, ნინო ზაუტაშვილმა და „საზმაუს“ უკლებლივ ყველა მცველმა“,- ნათქვამია „რეალური სივრცის“ ჯგუფის განცხადებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს