შალვა პაპუაშვილი - 80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო - რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს გამარჯვებას ულოცავს.

მისი თქმით, 80 წლის წინ მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, ათასი მსგავსი უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ - მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა.

„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს... გწერთ თქვენი სიცოცხლის მონატრე.." - 1945 წლის 18 თებერვალს, ფრონტიდან, ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი, ბოლო აღმოჩნდა.

9 მაისს საქართველოში ვზეიმობთ გამარჯვების დღეს, 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად.

საქართველოდან, ამ გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე, 300 000 ადამიანი დაეცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ.

ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ.

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის მამა, პაპა, დიდი პაპა არ მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. დღემდე ცოცხლები არიან ომის მონაწილე ვეტერანები.

გასული 80 წლის განმავლობაში 9 მაისის აღნიშვნა ჩვენს განუყოფელ ტრადიციად იქცა, რაც დღევანდელ გამრუდებულ ყოფაში ცოცხალი შეხსენებაა იმისა, თუ რანი ვიყავით გუშინ, სად ვიდექით, რისთვის ვიბრძოდით და რანი ვართ დღეს.

დღეს, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება.

წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და ათასი მსგავსი განწვალება და უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ - მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა, საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის, უცხო გავლენით, ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.

ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე, ამ იდეოლოგიის მატარებელ სოცმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას.

9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის. ამ წვლილის, ამ მსხვერპლის და ამ გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება.

ქართველი ხალხი საკმარისად ძველი, მრავალჭირნანახი და ბრძენი ხალხი ვართ იმისთვის, რომ წარსულით, ვინმეს, ჩვენი შერცხვენა გაუვიდეს. ჩვენი ისტორია მთლიანია. ბედის ავბედითობით რაც გაგვივლია, ჩვენმა წინაპრებმა ღირსეულად გაიარეს. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ჩვენ ყველანი მხოლოდ საქართველოსთვის ვიბრძოდით და ასეც გავაგრძელებთ.

80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა. სწორედ ამიტომ იყო ეს ომი ჩვენი სამამულო ომი.

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ.

გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს!“ - წერს პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა