შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“ - თვალშისაცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია, არადა წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს

უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები წარმოაჩენს, რომ კულტურული იდენტობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული კავშირის მომავლის განსაზღვრის პროცესში , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, როდესაც მსოფლიოს სხვა რეგიონები ევროპას ეკონომიკურად უსწრებენ, ზრდიან თავიანთ მოსახლეობასა და სამხედრო შესაძლებლობებს, ევროპის პასუხი ჩვენი საერთო მემკვიდრეობიდან, ღირებულებებისა და მომავლის დამაჯერებელი ხედვიდან უნდა მომდინარეობდეს.

,,ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.

სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც.

,,ევროპა ყოველთვის ვითარდებოდა, და მისი ამჟამინდელი ინსტიტუციური ფორმა – ევროპული კავშირი – არ წარმოადგენს სრულიად ევროპას. ამიტომ, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც.

ჩვენს შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ ფორმალური დამოუკიდებლობა 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ჩვენი პარლამენტარიზმის საფუძვლები მაგნა კარტის ხელმოწერის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც საქართველო აბსოლუტური მონარქიის უფლებების შეზღუდვის პირველი მცდელობის მომსწრე გახდა. ჩვენ, ასევე, თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ. მე წარმოვადგენ პარლამენტს, რომელიც დემოკრატიულად პირველად იქნა არჩეული 1919 წელს, რომელშიც წარმოდგენილი იყოს პირველი, საერთაშორისო დონეზე უპრეცედენტო, პროგრესული სოციალურ-დემოკრატიული უმრავლესობა, და რომელმაც უზრუნველყო ქალების სრული საარჩევნო უფლებები, მათ შორის, 5 პარლამენტარი ქალი იქნა არჩეული, 106 წლის წინ.

შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს არა ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანებას, არამედ დაგვიანებულ ხელახალ გაერთიანებას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა