ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის - ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეტენზია ვინმეს მიმართ გაუგებარია.
„საკითხი მარტივია, სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი ყველამ იცოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის. ზუსტად იცოდა, მის მიმართ მოთხოვნა, რა არის. ასევე, ის აღიარებს, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი. შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამიტომ, აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია.
მე ვნახე „ალდეს“ გამოხმაურება და ვნახე „ალდეს“ ჯგუფის ხელმძღვანელის გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით, რუმინელი დეპუტატია ბულაი. ამ განცხადებას ეხმაურება პარტიების გაერთიანება, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულობაზე. განცხადება სავსე არის დეზინფორმაციით და სამართლებრივი სახელმწიფოს არაღიარების პრინციპით. კერძოდ, ტყუილია ბატონი ბულაის და „ალდეს“ განცხადება, თითქოს საელჩოებს არ ჰქონდათ დასწრების შესაძლებლობა, პირიქით, თუ არ ვცდები შვედეთის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ [ ჯაფარიძის სასამართლო პროცესს]. ასე რომ პირდაპირ ტყუილს წერს ბატონი ბულაი და „ალდე”, - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ სასამართლო ღია იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ამასთან, მისივე თქმით, ბულაი თავს ესხმის „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რაც სამარცხვინო საქციელია Pace-ს წევრის მხრიდან.
მისი თქმით, ბულაიმ ასევე ყალბი დასკვნა დადო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამასთან პაპუაშვილის თქმით, ბულაიმ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებითაც იცრუა.
„ცოტა ხნის წინ, მან ასევე ტყუილი გაავრცელა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დაკავების დროს მოხდა მისი წამება. სად არის, აბა ეს წამება, ან მისი განცხადება, ან პრეტენზია სად არის წამებასთან დაკავშირებით? ეს არის კარგი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავასკვნათ, რასთან გვქონდა საქმე 2024 წლის არჩევნებში.
ფაქტია უკვე და ხელის გულზე დევს, რომ ეს ადამიანი დეზინფორმაციას ავრცელებს, თან, როგორც იტყვიან, „მამალ ტყუილს“ საუბრობს, რომელიც არ დაიმალება. როგორ შეიძლება თქვა, სხდომა დახურული იყო, როცა ღია იყო, როგორ შეიძლება თქვა, რომ საელჩოები არ ესწრებოდნენ, როცა ადამიანები ფიზიკურად იქ ისხდნენ, ვის ატყუებს ეს ადამიანი? ერთი რამ მინდა ვისურვო, რომ ამ ადამიანმა თავადვე უარყოს მის მიერ გავრცელებული ტყუილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ისაუბრა ასევე იმ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც საგამოძიებო კომისიაზე მისვლის შესახებ უარი თქვეს.
„ეს გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც საკითხები დგება კანონის მიხედვით და არა სურვილების მიხედვით.
ვინც მივიდა საგამოძიებო კომისიაზე, რა იყო, ვინმემ რამე დაუშავა, თუ რამე მოხდა განსაკუთრებული? მივიდნენ, მისცეს ჩვენება, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მორჩა. ის რამდენიმე რადიკალი, რომელიც უარს ამბობს გამოცხადებაზე, ისინი გასაგებია, რატომ ამბობენ უარს - ერთია, რომ მოვლენ, გამოჩნდება, რაც ჩადენილი აქვთ ქართველი ხალხის წინაშე. მეორე, ისინი პირდაპირ ღიად ამბობენ, რომ არ აღიარებენ პარლამენტს, კანონებს. თავად მიდიან ამ ნაბიჯზე. შემდეგ, როცა ამას შედეგი მოჰყვება, სითამამე და მამაცობა აქვთ, რომ თქვან, პარლამენტს და კანონს არ აღიარებენ, მაგრამ ამის გამო პასუხისგების სიმამაცე და სითამამე არ ჰყოფნით. ისეთ მდგომარეობაში არიან, ადამიანმა, რომ თქვას - მე შუქნიშანს არ ვაღიარებო, წითელზე გაიაროს და მერე ჯარიმა გაიკვირვოს.
ეს არის მათი თავისუფლება - გადაიხადონ გირაო, თუ არ გადაიხადონ. ვერავინ დააძალებს. თუ მათი პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადაიხადონ, მაშინ თავიანთი პრინციპული პოზიციით მიიღებენ იმ შედეგს, რომელიც მზად აქვთ. თუ მზად არიან თავიანთი პრინციპების გამო არ გადაიხადონ გირაო, მაშინ მზად უნდა იყვნენ საკუთარი პრინციპების გამო მიიღონ ის სანქცია, თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც ამაზე არის. წითელზე რომ გაივლის ადამიანი და ჯარიმა მიუვა, ის არის პოლიტპატიმარი თუ პოლიტდაჯარიმებული?" - განაცხადა პაპუაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"