ნუგზარ წიკლაური - ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მძიმე პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან, სხვა იარაღი ჩვენ არ გვაქვს - პარტიებმა მკაფიოდ უნდა გამოთქვან პოზიცია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, თავად „კოალიცია ცვლილებისთვის“ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.

მისივე მოსაზრებით, ოპოზიციური სპექტრი უნდა აცნობიერებდეს, რომ ასეთი არჩევნები რეალურ ცვლილებებს ვერ მოიტანს.

„პარტიებმა მკაფიოდ უნდა გამოთქვან საკუთარი პოზიცია. ქართულმა პოლიტიკამ შეიძინა ისეთი ფუნქციები, როდესაც ლიდერები სიტყვით ერთს ამბობენ, საქმით სხვას ფიქრობენ და მოქმედებას კი სულ სხვანაირად აპირებენ. მგონია, რომ არანორმალური ვითარებაა. მკაფიოდ უნდა გამოთქვან თავიანთი პოზიცია! ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფარსში, რომელსაც ვითომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს უწოდებენ, მონაწილეობას არ მივიღებთ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, თავად ამ პლატფორმის წევრებმა უარყვეს, თვით სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი. მიმაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯები არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როდესაც ხალხს ეუბნები, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლებელია ამ რეჟიმის დამარცხება და შემდეგ ქვეყნის წინ წაყვანა, ეს ასე არ არის. მეტსაც ვიტყვი - პირად საუბრებში ამ პარტიის წარმომადგენლები თვითონაც ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რამეს აიღებენ.

ახლა ძალიან მარტივად არის საქმე ან ხარ ქართველი ხალხის მხარეს ან ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმის ლეგიტიმაციაში იღებ მონაწილეობას. ძალიან არ მომინდებოდა თუკი პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი აღმოჩნდებოდა ივანიშვილისთვის „გამპარვებელი““,- განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, წიკლაური დასძენს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალია ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდობლობის გარეშე ჩაივლის:

„თუკი ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ეს კრიზისი ვერ გადაილახება. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ეყოლება ისეთი ადმინისტრაცია, რომ არ დარჩება ეჭვი ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“,- განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, წიკლაური აცხადებს, რომ „ვისაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი, ქართველი ხალხისგან მძიმე პასუხს მიიღებს“.

„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები არ არის ტაქტიკური საკითხი. ეს ნაბიჯები შესაძლოა იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული და „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად იქნეს გამოყენებული, ამას ჩვენ ყველანაირად შევეწინააღმდეგებით - ჩვენი მტკიცე პოზიციით, თუნდაც ამისათვის დაგვიჯდეს ამდენი ლიდერის ციხეში გამოკეტა. ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მძიმე პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან. სხვა იარაღი ჩვენ არ გვაქვს“,- აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს