შალვა პაპუაშვილი პოლიციელებს - კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებიც სათანადოდ მართეთ

გილოცავთ პოლიციელთა პროფესიულ დღეს - დღევანდელი დღე იმ უდიდეს პასუხისმგებლობას გვახსენებს, რომელიც პოლიციელებს ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აკისრიათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიციელების როლი გადამწყვეტია უსაფრთხო გარემოსა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში.

„თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება. უკანასკნელ პერიოდში თქვენ მოგიწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო. შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებიც სათანადოდ მართეთ.

ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ძალადობის დროს, სახელმწიფოს არამხოლოდ მოქმედების უფლება აქვს, არამედ - ვალდებულება.

„თქვენ სახელმწიფოს ეს ვალდებულება პირნათლად შეასრულეთ, წარმატებით გაუმკლავდით საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას და ღირსეულად დაიცავით საქართველოს სუვერენიტეტი. თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რათა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ. თქვენი საქმიანობა დაუღალავ შრომას, მოთმინებას, სიმამაცესა და თავდადებას გულისხმობს. ეს ის ძალისხმევაა, რომელიც ხშირად უხილავია, თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული. მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მშვიდი გარემოს შექმნას. მათი სიმამაცე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო