ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი - წულუკიანთან უშუალოდ კითხვები არ მქონია, ვინაიდან საქმის ფარგლებში გამოძიება, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, რაც ბრალდებულის ბრალეულობას დაადასტურებს

წულუკიანთან უშუალოდ კითხვები არ მქონია, ვინაიდან საქმის ფარგლებში გამოძიება, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, რაც ბრალდებულის ბრალეულობას დაადასტურებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან დასმულ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების გამოკითხვა.

პროკურორის თქმით, თუკი, დაცვის მხარეს აქვს კითხვები, შეუძლია გამოძიება ჩაატაროს.

„საქმეში მოპოვებულია ყველა ის მტკიცებულება, რაც ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად აუცილებელი იყო, რაც უშუალოდ შემხებლობაში იყო ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან. თუ დაცვის მხარეს კითხვები აქვს, მას კანონი აძლევს საშუალებას შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დაცვით ჩაატაროს სათანადო გამოძიება, მოიპოვოს მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. წულუკიანთან უშუალოდ კითხვები არ მქონია, ვინაიდან საქმის ფარგლებში გამოძიება, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, რაც ბრალდებულის ბრალეულობას დაადასტურებს",- განაცხადა თათიაშვილმა.

მას ასევე დაუსვეს კითხვა გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მან ახლა გაიგო.

„არ ვიცი, თქვენგან გავიგე ამ წუთას",- განაცხადა თათიაშვილმა.

კითხვაზე, გაუჟღერებია თუ არა გაბიტაშვილს აქამდე წასვლაზე ინფორმაცია, პროკურორმა უპასუხა, რომ მას გენერალურ პროკურორთან პირადი კომუნიკაცია არ აქვს.

„მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, გენერალურ პროკურორთან პირადი კომუნიკაცია არ მაქვს, შესაბამის უწყებას მიმართეთ... მე არავინ მითანხმებს ვინ, როდის უნდა გადადგეს, ან სად უნდა წავიდეს“, - განაცხადა თათიაშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი