ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი - ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია - ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები დღეს მიღებულ ახალ ანგარიშში აცხადებენ, რომ „საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო“. ამის შესახებ კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

მათი თქმით, „ამ მანკიანმა კენჭისყრამ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, გზა გაუხსნა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების უკანონოდ ხელში ჩაგდების, რეპრესიული კანონმდებლობის გაგრძელების და ამავდროულად პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ“.

„ვინაიდან საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ ჩატარების შესახებ“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი კენჭისყრის ორგანიზებამდე, ისინი შეინარჩუნებენ „საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე“.

„სულ უფრო რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ აუდიტს და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

კომიტეტის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში არსებული შემზღუდავი მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებს მათ განზრახვაზე ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ,“- აღნიშნულია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14 წინააღმდეგ მიიღო, 4-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. დოკუმენტს ევროპარლამენტის მომავალ პლენარულ სესიაზე კენჭისყრისთვის წარადგენენ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა