შალვა პაპუაშვილი - საქართველოში სიძულვილი, ძალადობა ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს უნდა შეწყდეს, მოვუწოდებ ყველა ელჩს, შეწყვიტონ ექსტრემიზმის წახალისება

საქართველოში სიძულვილი, ძალადობა, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან. სამარცხვინოა, როდესაც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია თავს აიგივებს ექსტრემიზმთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ექსტრემიზმსა და ძალადობას ყველგან ერთნაირი სახე აქვს და ამ სახეს ჩვენ ვხედავთ ხან თბილისში, ხან ბერლინში, ხან პარიზში, ხან ლოს ანჯელესში და ასე შემდეგ.

„ევროპაში ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ცუდია, როცა მათ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, ხოლო კარგი და მშვიდობიანია, როცა ქართველ პოლიციელს ესვრიან. ეს არის პრობლემა. ზოგიერთ ევროპელს ჰგონია, რომ მაშხალების სროლა და შენობების დაწვა ცუდია ბერლინში და კარგია, თუ საქართველოს პარლამენტს წვავენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანები. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში არის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის, ბრიუსელში. ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ხანდახან როგორი უტიფარია ზოგიერთი უცხოელის დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. ერთი მხრივ, მაღალი ტრიბუნიდან ქადაგებენ პლურალიზმს, მშვიდობიან განვითარებას და, მეორე მხრივ, პირდაპირ აფინანსებენ ექსტრემიზმს. მას შემდეგ, რაც ყველამ ვიცით, რომ აშშ-ის დაფინანსებები შეწყვეტილია, სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა და ექსტრემიზმი საქართველოში ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან. სამარცხვინო მდგომარეობაა, როდესაც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია თავს აიგივებს ექსტრემიზმთან, ეს უნდა შეწყდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ამოცანებს და შეწყვიტონ ექსტრემიზმის გამართლება, წახალისება და დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ