გია ვოლსკი - ბრიტანეთის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი, დღეს კი კიდევ ერთხელ გააკეთა პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება - გრანტის გაცემა, მაგალითად, „ისფედზე“ უნდა იწვევდეს დამატებით შეკითხვებს

ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება - მან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში და იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი.

„ვიფიქრებდი, ბრიტანეთის ელჩმა შეცდომა დაუშვა და იჩქარა კომენტარები რომ გააკეთა, რომ არ ჰქონდეს იმ ცუდი გამოცდილების მაგალითები, რომელიც გაგვაჩნია ბრიტანეთის ელჩთან ურთიერთობაში, როდესაც იგი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში, იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი და პირდაპირ მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდაჭერას. ეს ჩვეულებრივი ამბავია ბოლო პერიოდში. მანდ ბრიტანეთის ელჩი შეიძლება იყოს ცალკე გამოყოფილი. ეს გერმანიის ელჩსაც ეხება, საფრანგეთის ელჩსაც და სხვასაც. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით გრანტის გაცემას მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემას ეს ეხმარება, მაგრამ გრანტის გაცემა მაგალითად, „ისფედზე“ უნდა იწვევდეს დამატებით შეკითხვებს, ვინაიდან „ისფედი“ იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ამახინჯებდა მონაცემებს, შემდეგ შეცდომებს არ აღიარებდა, იმიტომ, რომ შემდეგ რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო. ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არ იჩქარა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება. არამედ, კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, ვინაიდან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება, არჩევნებამდე დიდი დროა და მას ექნება საშუალება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი ამის დაფინანსების ორგანიზების თაობაზე,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა