გიორგი ვაშაძე - მათე დევიძეს არ უსჯიან დანაშაულისთვის, მას სჯიან თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის - ვერ გაგვაჩუმებენ, ვერ გაგვაჩერებენ!

მათე დევიძეს არ უსჯიან დანაშაულისთვის, მას სჯიან თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთას.

ვაშაძის თქმით, „ეს არის რეჟიმის შურისძიება და თავისუფლების მოყვარე ხალხის ტყვედ აყვანა“.

„ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ შური იძიოს ახალგაზრდებზე, მოქალაქეებზე, ყველაზე ვინც ხმამაღლა აპროტესტებს უსამართლობას. ე.წ. ხელისუფლება მზად არის, ყველას გაჩუმებას შეეწიროს ყველაფერი, ოღონდ დარჩეს ძალაუფლებაში.

ვერ გაგვაჩუმებენ! ვერ გაგვაჩერებენ! ერთად დავასრულებთ ამ რეჟიმს და დავიბრუნებთ თავისუფლებას! მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.

ცნობისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში