კახა კალაძე - როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი - ცალმხრივი არაფერი ვარგა და არ გამოვა - მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას

უამრავი შემთხვევა არის, როდესაც თანხები შემოდიოდა გარედან და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო - როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი - ცალმხრივი არაფერი არ ვარგა და არ გამოვა, ცხადია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უცხოური დაფინანსების 90% რევოლუციურ სცენარში, ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში მიდიოდა.

„მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება, სხვადასხვა ფორმით, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალებით, დამხობით, რევოლუციის გზით. ეს ახალი არაა და არ არის პირველი შემთხვევა. ძირითადად, თანხები, რომელიც შემოდიოდა უცხოეთიდან, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რა თქმა უნდა, ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. კი, ეს იფუთებოდა იმით, რომ ვიღაცა კეთილ პროექტს აკეთებდა, ვიღაცებს ეხმარებოდა, მაგრამ თანხების 90% მიდიოდა რევოლუციურ სცენარში, ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში. ეს არის მოცემულობა და რეალობა სამწუხაროდ.

კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, ელჩების მხრიდან შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ეს გვახსოვს არჩევნების დროს და ახლაც არაფერი შეცვლილა. როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა და არ გამოვა, ცხადია. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა მიმართა ბრიტანეთის საელჩოს, „გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.

მანამდე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები