ISSA - მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო მეტი მომხრე ჰყავს ვარიანტს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს (40%-მდე) უჭირს იმის განსაზღვრა, რა დიზაინით უნდა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

კითხვაზე, „ოპოზიციურმა პარტიებმა 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუ ცალკე სიებით?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ - 23,5%;

„ალბათ, ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ - 13,9%

„ალბათ, ცალკე სიებით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ – 10,6%

„ცალკე სიებით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ – 13,4%;

„არ ვიცი/უარი კითხვაზე“ - 38,6%.

„თუმცა, მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო მეტი მომხრე ჰყავს იმ ვარიანტს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. კვლევის მიხედვით, ამ ვარიანტს ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს თბილისელებში (43%)“, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) - ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.

„თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

რეგიონებში პირიქით - უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც“, - ნათქვამია კვლევაში.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე „ადგილობრივი არჩევნების მხარდაჭერა ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც?“, შედეგები საქართველოს მასშტაბით ასეთია:

„მხარს დავუჭერ ადგილობრივ არჩევნებს თუ ხელმეორედ ჩატარდება“ – 35,8%;

„მხარს დავუჭერ ადგილობრივ არჩევნებს იმის მიუხედავად ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები“ – 38,9%;

„არ ვიცი/უარი კითხვაზე“ - 25,4%.

აღნიშნულ კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად აფასებს - 42.5%; არასამართლიანად - 42%).

„თბილისელების უმრავლესობას (57%) არჩევნების არასამართლიანად ჩატარების მოლოდინი აქვს.

რეგიონების მოსახლეობა უფრო იმისკენაა გადახრილი, რომ ადგილობრივი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება (სამართლიანად - 48%; არასამართლიანად - 36%)“, - ნათქვამია კვლევაში.

კერძოდ, კითხვაზე „იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც თქვენთვის ცნობილია, როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნები ძირითადად თავისუფალი და სამართლიანი იქნება, თუ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

„იქნება თავისუფალი და სამართლიანი“ – 16,6%;

„იქნება მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი“ – 25,9%;

„იქნება მეტ-ნაკლებად არათავისუფალი და არასამართლიანი“ – 24,3%;

„იქნება არათავისუფალი და არასამართლიანი“ – 18,0%

„არ ვიცი/უარი პასუხზე“ – 15,2%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ