ჩემი საკნიდან, საკანი 84-დან იმის გამო გამწიეს, ანუ საფუძველი ის იყო, რომ თურმე ხაზარაძე არ უნდა გამეკრიტიკებინა, ღმერთი ხელშეუხებელია და არავინ აკრიტიკებსო - მე ახლაც მშვენივრად ვარ, სადაც ვარ, ისევ ის ინანებს ჩემთან ასეთ არაკაცურ მოქცევას, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული, რევაზ კიკნაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც 7 მაისით თარიღდება.
მისი თქმით, მას მამუკა ხაზარაძის კრიტიკად სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება ჩაეთვალა, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რიგი პოლიტიკოსებისთვის აღკვეთის ღონისძიებით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას შეეხებოდა.
„ჩემი საკნიდან, საკანი 84-დან იმის გამო გამწიეს, ანუ საფუძველი ის იყო, რომ თურმე ხაზარაძე არ უნდა გამეკრიტიკებინა, ღმერთი ხელშეუხებელია და არავინ აკრიტიკებსო. მე ახლაც მშვენივრად ვარ, სადაც ვარ, ისევ ის ინანებს ჩემთან ასეთ არაკაცურ მოქცევას. ჩემი სინდისი კვლავ შეურყვნელია. არადა რეალურად არც კი მიხსენებია ვინმე, ხაზარაძის გაკრიტიკებად ის ჩამეთვალა ოქრუაშვილის დაჭერის მეორე დღეს, სასამართლოზე რომ ვთქვი, გირაო არავინ გადაიხადოს, ეს თანამებრძოლის მიტოვება და ბრძოლის ველიდან გაქცევაა-თქო. ხომ იცით, სიმართლის თქმას არსად და არასდროს ვერიდები, პირიქით, ჩემი მთავარი მიზანიც ისაა, უსამართლობას არ დავუხარო თავი, ვინც ეგუება და უხრის, იმან იდარდოს. შენ რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის იმდენი, რაც მამუკამ გააკეთა და როგორ ბედავ მასზე რამის თქმასო, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მართლა ასეთი სიტყვები მივიღე. მეგობრებო, ჩემი მცირე ცოდნა ამდენს ვერ სწვდება და იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ, რა გააკეთა ხაზარაძემ ქვეყნისთვის ამისთანა, ხმის ამოღებაც რომ არ შეიძლება, თუნდაც ჩემნაირი პატარა კაცისგან, გარდა იმისა, რომ გირაო გადაიხადა, რათა არ დაეჭირათ და თვითმმართველობის ვაი არჩევნებში აპირებს გასვლას?
არადა თუნდაც 3 თვის წინ ვფიქრობდი „ლელოსთვის" მიმეცა ხმა, როცა ამის დრო მოვიდოდა, დღეს კი ჩემი ოჯახიდან 4 ხმა დააკლდათ და კიდევ რამდენი ასეთი 4 ხმა დააკლდებათ მსგავსი არაკოლეგიალური და ქოცების წისქვილზე წყლის დამსხმელი ნაბიჯებით.
„ბოიკოტის მერე რა ხდებაო" რა სულელური შეკითხვაა, ბოიკოტი იქამდე გრძელდება, სანამ მოთხოვნას არ დაგიკმაყოფილებენ და დროის სვლასთან ერთად უფრო მძაფრ სახეს იღებს, აბა თუ ის არ შეგისრულეს, რასაც ითხოვდი, შენ რატომ ასრულებ მათ მოთხოვნას ამ შემთხვევაში არაფრის მომცემ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას? არაფრის მომცემს ჩვენთვის, თორემ მათთვის ლეგიტიმაციის მიმცემს. უფრო საინტერესო ისაა, თვითმმართველობის არჩევნებს რომ წააგებთ ან თუნდაც ორ ოლქს მოიგებთ, მერე რა ხდება? ის ორი პარტია არ გადის, ვინც ყველაზე მეტი ხმა აიღო ოპოზიციიდან წინა არჩევნებში და მე-3, მე-4 ადგილებზე გასულ პარტიებს, რომლებსაც კიდევ უფრო შეუმცირდებათ ამომრჩეველი ამ მოღალატეობრივი ქმედებით, რისი იმედი აქვთ?
ჩვენი მიზანი ის უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება ცოტა ხალხი მისულიყო ამ ვითომ არჩევნებში და ბარიერგადალახულ პარტიებს არ მიეღოთ მონაწილეობა და მისი არა ლეგიტიმაცია ამით გაგვემართლებინა. მოდი პირველი მიზანი კვლავ დავტოვოთ ძალაში და არმისვლით ვაგრძნობინოთ, სად არის ხალხის რეალური ძალა“, - აღნიშნულია კიკნაძის წერილში.