CNN - აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს.

CNN-ი წერს, რომ B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია.

ტელეკომპანია განმარტავს, რომ ოთხძრავიან B-2-ს შეუძლია იყოს აღჭურვილი ბირთვული ან ჩვეულებრივი იარაღით, მას ორკაციანი ეკიპაჟი მართავს, აქვს 40 000 ფუნტი [20 ტონა] ტვირთამწეობა და შეუზღუდავი დიაპაზონი საჰაერო საწვავის შევსებით.

აშშ-ის საჰაერო ძალების ინვენტარში მხოლოდ 20 B-2 ტიპის თვითმფრინავია, რომლებიც მისურის შტატში, უაითმენის საჰაერო ძალების ბაზაზეა განლაგებული.

თითოეული ბომბდამშენის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია.

ამასთან, CNN-ს ოპერაციასთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადობის (MOP) ბომბი - GBU-57A/B - გამოიყენა, რომელიც „ბუნკერის ამფეთქებლის“ სახელითაა ცნობილი.

B-2 აშშ-ის ინვენტარში ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც GBU-57A/B-ის გადატანა შეუძლია.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა