ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, რომელმაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.

სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული, რომეო მიქაუტაძეც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით წარმოთქმის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას არანაირი დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.

"ჩემი ცხოვრების, ჩემი საქმიანობის 24 წელი, მიმაჩნია, რომ მაქვს წარმატებული კარიერა, სხვადასხვა პოზიციაზე. ყველა სასწავლებელი მაქვს დამთავრებული წარჩინებით, მყავს ოჯახი და ვარ ღირსების ორდენოსანი. ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვა არც არასდროს მქონია, არც მაქვს და არც მექნება მომავალში. დარწმუნებული ვარ, სასამართლოს სიჯანსაღეში და იმაში, რომ ეს ყველაფერი იქნება შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნია“,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა