„გაეროს მოსახლეობის ფონდი“ ბათუმში გამართულ ევროპის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

21 ივნისს, ბათუმში, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღე აღნიშნა.

„გაეროს მოსახლეობის ფონდის“ ცნობით, ევროპის დღეზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საინტერესო, შემეცნებით და ინტერაქციული პროგრამით, უკეთ გაეცნოთ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ევროკავშირის მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგები.

„UNFPA, ევროკავშირის პროგრამის „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში, ციფრულ სივრცეში მოზარდებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის (TF GBV) პრევენციაზე ზრუნავს.

სწორედ ამ მიზნით, UNFPA-ის კუთხეში, შემეცნებითი ბორბლის მეშვეობით, განვმარტეთ, რას ნიშნავს ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა (TF GBV), რა კავშირი აქვს მას ციფრულ უსაფრთხოებასთან და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ.

მასწავლებელმა და „მამების სკოლის” ფასილიტატორმა გიორგი ლიპარიშვილმა ფესტივალის სტუმრებს UNFPA-თვის საგანგებოდ შექმნილი თამაში - “მამობანა” ათამაშა. “მამობანა” კაცებს თავიანთი შვილების საყვარელი ფერის, პერსონაჟის თუ აქტივობის შესახებ დააფიქრებს და შეახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია მათი სრული მონაწილეობა შვილების ცხოვრების ყველა ეტაპზე.

საქართველოში პირველი “მამების სკოლა” UNFPA-ის ინიციატივით და ევროკავშირის მხარადჭერით გაიხსნა 2021 წელს პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ” და 100-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.

ევროპის დღეზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ ყველასათვის საყვარელი სამაგიდო თამაში “პერსონა”. “პერსონა” 2023 წელს, UNFPA-ის ინიციატივით, გამომცემლობა „პალიტრა L”-თან და BG Era Games-თან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა და სამაგიდო თამაშის მოყვარულების გულებსა და თაროებზეც მალევე დაიდო ბინა.

საშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე რჩება რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა UNFPA-ის ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდეს, მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა იტარებდეს გამოკვლევას.

სწორედ ამიტომ, ბათუმში, ევროპის დღეზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთობლივ კუთხეში, პედიატრთან და მედიცინის დოქტორთან, თამარ ბახტაძესთან და მეან-გინეკოლოგთან მარიამ ზოიძესთან ერთად, ტელემედიცინის შესაძლებლობები გავაცანით საზოგადოებას.

UNFPA, გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს უწყობს ციფრული მედიცინის განვითარებას საქართველოში, რათა სკრინინგ პროგრამები კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის. ამ მიზანს ემსახურება პროგრამა „საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“, რომელსაც UNFPA გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად ახორციელებს, ევროკავშირის მხარდაჭერით.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი მესამე წელია მონაწილეობს ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა სტუმარს, მოხალისეს და მეგობრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

UNFPA-ში გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია სამყარო უფრო უკეთესი, თანასწორი და ინკლუზიური გავხადოთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს