რაჟდენ კუპრაშვილი - ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე გააციფრულონ, რომ პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება

ძალიან მნიშვნელოვანია, გრანტების მიღების დროს მონიტორინგი განხორციელდეს ისე, რომ კეთილსინდისიერი ორგანიზაციების საქმიანობას რაიმე დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნას - ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ორგანიზაციას საშუალება ექნება, საკუთარი გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე გააციფრულოს, რომ ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება, - ამის თაობაზე პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, სადაც გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიში წარადგინა.

როგორც კუპრაშვილმა განმარტა, ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო “კეთილსინდისიერი ორგანიზაციების“ მონაცემებთან დაკავშირებით იმ ჯიდიტალიზებული ინფორმაციით იხელმძღვანელებს, რასაც ისინი ბიუროს მიაწვდიან. აქვე კუპრაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ეს იმ ფაქტებს არ შეეხება, როცა ორგანიზაცია შეფარვით სხვა რაღაც საქმიანობას დაიწყებს“.

პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (ე.წ. FARA) და “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების განხორციელებაზე საუბრისას კუპრაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ხდება პროცესის დისკრედიტაცია.

“ძალიან სამწუხაროა, ხორციელდება დეზინფორმაციის კამპანია, რაც გარკვეული შანტაჟის ფორმებს იღებს. ჩვენ ბევრ არასამთავრობო, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ღია კონსულტაციები, შეხვედრები გავმართეთ. მომდევნო კვირაში დაგეგმილია დაახლოებით 400 ორგანიზაციასთან შეხვედრა.

ყველა ამ კანონის მოწინააღმდეგე არ არის. იყო კანონთან დაკავშირებით გარკვეული გაურკვევლობა. როცა ჩვენ დიალოგის ფორმატებს ვირჩევთ, ძალიან კარგად ვახდენთ გამორკვევას. არავის არა აქვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პრობლემები.

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დაგვიდგა - ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი კარგი საქმე გაუკეთებიათ, მაგრამ ზუსტად ამ კარგ საქმეებს შეფარული საქმიანობა ამოეფარა, რასაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსება თუ პოლიტიკური პარტიებისთვის სასარგებლოდ გარკვეული მოქმედებების განხორციელება ჰქვია.

“გრანტების შესახებ“ კანონმა და FARA-ს კანონმა უზრუნველყო ის, რომ ეს ფარული საქმიანობა იმ საქმიანობიდან გამოყოს, რაც ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდება. პირიქით, კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს მეტი ინტერესი აქვთ, რომ მეტად იყვნენ გამჭვირვალე და მოქალაქეებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნა ჰქონდეთ. ამ გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით მათი კარგი საქმეები უფრო მეტად პატივსაცემი იქნება. არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება რაიმე საქმიანობის სტიგმატიზებას.

ეს ბევრი ორგანიზაციის მხრიდან ძალიან კარგად არის გაგებული, მაგრამ ამის გაგება არ უნდა ორგანიზაციებს, ვისი საქმიანობაც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და მოქალაქეებმაც იციან, რომ პოლიტიკურ ჭრილშია განხილული. რა თქმა უნდა, ყველა ის დაფინანსება, რაც მათ პოლიტიკურ საქმიანობას ახლავს, გამჭვირვალე უნდა იყოს და FARA-ს კანონის მექანიზმით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ ინფორმირებული. ის, ვინც ეწინააღმდეგება, რომ ასეთი ინფორმაცია მოქალაქეებს არ ჰქონდეთ, ეს სხვა საქმეა და აქ კანონს თავისი რეგულაციები აქვს. ჩვენ ვეცდებით, რომ ღია, გამჭვირვალე პროცესით ყველა ასეთი ფაქტი გამოვავლინოთ!

პირველ დღეს FARA-ს საიტს 50 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა და ბევრმა ორგანიზაციამ ბიუროს კვალიფიციური კონსულტაციისთვის მიმართა. ჩვენ გავეცით კონსულტაცია, რომ მომართვიდან თითქმის 99%-ს FARA-ში დარეგისტრირება არ ეკუთვნოდა, რადგან FARA-ს მიზანი არის პოლიტიკური საქმიანობა“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

რაჟდენ კუპრაშვილმა გაწეული მუშაობის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა