აქ არ მომხდარა ჩვენი ჩანაცვლება, არამედ მოხდა საზოგადოებრივი ადვოკატების დამატება - ორ დღეშია პროცესი, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოასწრონ ერთ დღეში ცამეტი ტომის გაცნობა და ამ ბიჭებთან შეხვედრა, თუნდაც ორი იყვნენ,- ამის შესახებ აქციების პერიოდში დაკავებული ონისე ცხადაძის, ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებული თერთმეტივე პირის პოზიციაა, რომ მათ არ სურთ არც სხვა კერძო და არც სხვა საზოგადოებრივი ადვოკატი.
ლაშა ცუცქირიძის თქმითვე, მოსამართლემ არასამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბრალდებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.
„დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მიიღო არასამართლებრივი, არალოგიკური გადაწყვეტილება და სრულიად არასამართლებრივად გადაწყვიტა ყველა ბრალდებულთან დაკავშირებით დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი. აღნიშნული გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ მომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის არცერთი მუხლიდან და პუნქტიდან. არსებობს კონკრეტული მუხლი და არსებობს სავალდებულო დაცვის კონკრეტული შემთხვევები, როცა სასამართლოს შეუძლია საზოგადოებრივი ადვოკატი დანიშნოს, სავალდებულო წესით.
მოსამართლისთვის ერთი თვით ადრე ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ვერ გამოცხადდებოდა და დაახლოებით ერთი კვირის წინ, მოსამართლემ რამდენიმე ადვოკატთან შეუთანხმებლად, მათ შორის, რომელიც დღევანდელ პროცესზე ვერ იმყოფებოდა და უკვე ჩანიშნულ პროცესებს შორის, დღევანდელი პროცესიც ჩაამატა.
მოსამართლემ კი ბრალდებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა, მათ შორის მათაც, რომელთა ადვოკატებიც სხდომას ვესწრებოდით. მოსამართლემ, არ დაასაბუთა არცერთი მუხლით, ან პუნქტით გადაწყვეტილება, რადგან ვერ დაასაბუთებს, რადგან საპროცესო კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს. ამიტომ გადავწყვიტეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დაგვეყენებინა, ბუნებრივია, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მიკერძოებულად, არ იცავს დაცვის უფლებასა და შეჯიბრებითობის პრინციპს, შესაბამისად, გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი, როცა ერთ-ერთი გადაწყვეტილება კანონმდებლობისგან აცდენილად მიიღო. ჩვენი მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. ერთადერთი მიზეზი რატომაც ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე იყო - პრევენციული. ეს არ გამომდინარეობს არაფრისგან.
აქ არ მომხდარა ჩვენი ჩანაცვლება, არამედ მოხდა საზოგადოებრივი ადვოკატების დამატება. იურიდიულმა სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ადვოკატს გამოყოფს, თუმცა აქ ვინც მივა, მოსამართლე უნდა იყოს დარწმუნებული, რომ თითოეული მათგანი ცამეტივე ტომს გაეცნო, ყველა ბრალდებულს შეხვდა და მასთან პოზიცია შეათანხმა. თუკი აქ მივა საზოგადოებრივი ადვოკატი, დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ადვოკატები არიან და შეუთანხმებელი პოზიციით პროცესზე ვერ მოვლენ. ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან ზეგ არის პროცესი და როგორ უნდა მოასწრონ ერთ დღეში ცამეტი ტომის გაცნობა და ამ ბიჭებთან შეხვედრა, თუნდაც ორი იყვნენ",- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ბრალდებულმა, ირაკლი ქერიშვილმა სასამართლო სხდომა, პროცესზე მისი ადვოკატის ვერ გამოცხადების გამო დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია და მისი აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა.