პაატა მანჯგალაძე - მგონი, შიმშილობა არ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმებისთვის - ახლა ჩვენი ერთიანობით როგორღაც უნდა დავანგრიოთ ივანიშვილის გეგმა

მგონი, შიმშილობა არ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმებისთვის, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომლის თქმით, „შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“.

როგორც პაატა მანჯგალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობის დაწყებით საკუთარი თავი გადადო და ის მებრძოლი ადამიანია.

„ადამიანმა თავისი ჯანმრთელობა და თავი გადადო. ამ განცხადებას მე არ შევაფასებ. ელენე არის მებრძოლი, გმირი ადამიანი და მის სიტყვას ნამდვილად დაფასება სჭირდება. დანარჩენი პოლიტიკა არის და პოლიტიკაში გადაწყვეტილებები სხვანაირად მიიღება. მგონი, შიმშილობა არ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმებისთვის. ცუდია, რომ ამ ფორმის გამოყენება გვჭირდება საერთო ენის გამონახვისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ბრალი დაუმძიმოს.

„რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ვფიქრობ, ერთიანობა არის საუკეთესო გასაღები. ერთად უნდა ვიყოთ პროტესტში, წინააღმდეგობის მოძრაობაში. რასაც გავაკეთებთ, ყველგან ერთად უნდა გავაკეთოთ. ივანიშვილისთვის მომგებიანი არის ნახევარი ბოიკოტში ვიყოთ, ნახევარი არჩევნებზე, მაგრამ არც ბოიკოტი გამოვიდეს და არც არჩევნები. აი, ეს არის ივანიშვილის გეგმა. ახლა ჩვენი ერთიანობით ეს გეგმა როგორღაც უნდა დავანგრიოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა