შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი, ხუთი თვის წინანდელი, პოსტი გამახსენა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი, ხუთი თვის წინანდელი, პოსტი გამახსენა, რომელსაც კიდევ ერთხელ გთავაზობთ, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ძველ პოსტს აზიარებს:

„დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული.

მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.

დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, „უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და „სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლადშეძენილი „ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი, ამ ჩანერგილი „ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.

მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებთან და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამგვარი რამ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც ცეკას მეორე მდივანი, რომელიც რესპუბლიკაში იერარქიით მეორე პირი იყო, მოსკოვიდან იყო ხოლმე მოვლენილი.

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლახანს განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ეს სწორი პოზიცია, დიდი ხანია, დაკარგული იყო „უცხოური დახმარების“ არასწორ პრაქტიკაში.

საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც, გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.

ბოლო დღეების მხილების შემდეგ, უკვე ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“, - წერს პაპუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო