მამუკა ხაზარაძე - შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი ვგრძნობ, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს - მტერი და მოწინააღმდეგე, მგონი, ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ხაზარაძე წერს, იგი შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი გრძნობს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ მის წინააღმდეგ.

ის მიმართავს ყველას, გააერთიანონ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად.

„ლელოს“ დაფუძნების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა - პირველი, დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“, რომელიც აშკარად რუსულ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და მეორე, დაგვერღვია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „ქოცურ-ნაცური“ მოცემულობა და შანსი მიგვეცა ე.წ. შუა ამომრჩევლისთვის თავისი ხმის რეალიზაციაში, ქვეყნის განვითარების საქმეში.

ამ განვლილი წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი გუნდი სულ პროტესტის წინა ხაზზე იდგა. „ლელო“ პირველივე დღეებიდან იყო ინიციატორი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებისა და ამისათვის სხვადასხვა დროს მრავალი ინიციატივა და ძალისხმევა გამოიჩინა. მათ შორის, ისეთი ნაბიჯებიც გადადგა ერთობის სასარგებლოდ, რამაც საკუთარი ამომრჩევლის გულის წყრომა და ზოგ შემთხვევაში დაკარგვაც კი გამოიწვია ( 2021 წლის მერის არჩევნები ამის ერთ-ერთი მაგალითია). მიუხედავად ამისა, „ლელო“ სულ იდგა და ახლაც დგას ერთიანობის მომხრედ და ინიციატორად.

სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ, ჩვენს მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა.

მე არ ვიცი რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა.

აქვე, მკაფიოდ ვიტყვი - რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა!

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით იქნა შენარჩუნებული ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

ბრძოლა და ერთობა, და რაც მთავარია, მოყვასის, პარტნიორის და მოწინააღმდეგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ.

შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი ვგრძნობ, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ ჩვენს წინააღმდეგ.

მეგობრულად მოგმართავთ, ეს კამპანია იქნება უშედეგო... ასევე, მტერი და მოწინააღმდეგე, მგონი, ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს!

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ნუ მივცემთ „ოცნებას“ ყველა დონეზე სისტემური ჩაბეტონების საშუალებას! წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა „ოცნების“ უფრო გაძლიერებისა.

ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი!

თქვენი მამუკა ხაზარაძე

საკანი 208”, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე