თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, ანატოლი გიგაურის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, ანატოლი გიგაურის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

მანამდე კი, როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ 2024 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ანატოლი გიგაური თავს დაესხა პატრულ-ინსპექტორ ვახტანგ გაბუნიას, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. პროკურორის თქმით, გიგაურმა პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ხელი დაარტყა ყურისა და სახის არეში, რა დროსაც გაბუნიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. პროკურორის თქმით, საქმეზე გამოკვლეული და შეფასებული მტკიცებულებებით, გიგაურის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს. ამასთან, მან გიგაურის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეებზეც მიუთითა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოლოდინი არ აქვს, თუმცა, ახალი გარემოება რაც ბრალდების მხარეს საფუძვლად უდევს, ბუნებაში ვერ იარსებებს, კერძოდ ის, რომ გიგაური ახალ დანაშაულს ჩაიდენს ან მიიმალება. ადვოკატის თქმით, ბრალდებულის წარსული არ არის დაკავშირებული კრიმინალთან და არ არის ნასამართლევი, შესაბამისად აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

რაც შეეხება ბრალდებულ ანატოლი გიგაურის პოზიციას, როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ის პოლიტიკური პატიმარია და ციხეში უკანონოდ იმყოფება.

„მე ვარ პოლიტიკური მდგენელისგან მოთავსებული იზოლატორში და ჩვენ გვაქვს პროკურატურა, რომელიც მისი ზემდგომის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნახევარ საქართველოს ციხეში გაუშვებს. თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. მე უკანონოდ ვარ ციხეში. მე არავისზე მიძალადია“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე