ადვოკატი - ვიდეო მტკიცებულებებში სავარაუდოდ, ისმის პოლიციის მაღალჩინოსნების მოწოდება ხელქვეითების მიმართ, რომ დახოცონ და მოკლან აქციის მონაწილეები

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავარაუდოდ, [ვიდეოში] ისმის პოლიციის მაღალჩინოსნების მოწოდება მათი ხელქვეითების მიმართ, რომ დახოცონ და მოკლან აქციის მონაწილეები - დღეს, კატასტროფა მოხდა ბრალდებისთვის და გამოძიებისთვის სასამართლოში, - ამის შესახებ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ჟურნალისტებს იმ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც პროკურატურამ 2024 წლის, ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ჯგუფურ ძალადობისთვის დაკავებული 11 პირის საქმეში მტკიცებულებად წარმოადგინა.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებით ბრალდების მხარემ დაკავებული 11 პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენა ვერ დაამტკიცა.

„დღეს გასაგები გახდა მედიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რატომ გაიყვანეს კამერები დარბაზიდან. გამოკვლეულმა ვიდეო მტკიცებულებებმა დაადასტურა არა ბიჭების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, არამედ ორგანიზებული დანაშაული ჩადენილია პოლიციის მხრიდან. სულ მცირე, ორ ვიდეო მტკიცებულებაში ისმის აუდიო ნაწილიც, ეს აუდიო ნაწილი ჩაწერილია პოლიციის რიგებიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავარაუდოდ, ისმის პოლიციის მაღალჩინოსნების მოწოდება მათი ხელქვეითების მიმართ, რომ დახოცონ და მოკლან აქციის მონაწილეები. ეს არაერთგზის მეორდება. მეორდება არა მხოლოდ ერთ იზოლირებულ ვიდეოში, არამედ მთლიანად გასდევს გამოსაკვლევ მტკიცებულებებს. არავინ იფიქროს რომ შემთხვევითი იყო თქვენი და კამერების დარბაზიდან გაყვანა. ის ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს, რომ რაც შეიძლება დაბალი წვდომა ჰქონოდა ამ ვიდეოს გავრცელების მხრივ და ნაკლებ ადამიანს ენახა ის, თუ რეალურად ვინ, რა დანაშაულს სჩადიოდა.

რაც შეეხება საკითხს, რაიმემ დაადასტურა თუ არა ბიჭების დანაშაული, რა თქმა უნდა, არაფერმა დაადასტურა. ვნახეთ, ცუდი მემონტაჟის მიერ გაკეთებული სასაცილო, კომიკური შინაარსის ვიდეოები. ცალკე მანქანის საბურავებთან გადაღებული ქვები, ამაზე მიბმული აქციიდან საერთო კადრები - სრული ნონსენსი, აბსტრაქცია. იგივე წარმატებით ალბათ ნაკლებ დამცირებულად იგრძნობდნენ ბრალდების მესვეურები თავს, საერთოდ ცარიელი ფურცლები რომ მოეტანათ და ცარიელი, შავი ეკრანი რომ ეჩვენებინათ იმიტომ, რომ კატასტროფა მოხდა ბრალდებისთვის და გამოძიებისთვის დღეს, სასამართლოში“, -განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს