ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნაბიჯებზე - მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი დევს - მომდევნო კვირაში გაკეთდება განცხადება 15 პირის სანქცირებაზე, რომელთა ნაწილი მოსამართლეა

ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის (EEAS) ოფიციალურმა პირმა ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვამდე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა ზომები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს.

მისი თქმით, მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ.

„საქართველოს შესახებ სამ მთავარ საკითხს გამოვყოფ: პირველი, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ 2024 წლის ივნისიდან მიღებული ზომების შეფასება, რომელიც დაფუძნებული იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დროს.

კაია კალასი წევრ სახელმწიფოებს ასევე მოუწოდებს მეორე მიმართულებისკენ, რაც სანქციების გზით მოქმედებას გულისხმობს, რათა უზრუნველყოს, რომ წევრი სახელმწიფოების კონსესუსი მოიპოვოს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დარღვევების და მშვიდობიანი მომიტინგეების ჩაგვრის საკითხების მოგვარება.

მესამე საკითხია მინისტრების მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რას ხედავენ ისინი შემდგომ შესაძლებლობებად, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არის საერთო მიმართულება ქართველი ხალხის, ქართული თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ნამდვილად არის ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უნდა გაჰყვეს. მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, სრულიად საპირისპიროა“, - განაცხადა მან.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე, თუ რა ზომების მიღებას გეგმავს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების გარკვეული წევრების წინააღმდეგ, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი“ დევს.

„ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. და ამავდროულად, ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება“, - განაცხადა მან.

ამასთან, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროკავშირი მოსამართლეების დასანქცირებას, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოტენციურად სანქცირებულთა სიაში სწორედ მოსამართლეთა ნაწილია.

„მომდევნო კვირაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განაცხადებს, რომ სიებთან დაკავშირებით სულ მცირე 15 პირზე არსებობს მყარი, იურიდიულად დასაბუთებული წინადადება და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სიების ნაწილი მოსამართლეები არიან. რა თქმა უნდა, სახელებს ვერ დავასახელებ, რადგან ეს ასევე ეწინააღმდეგება შეთანხმების ძიების მთელ მიზანს. მაგრამ სწორედ ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ამ წინადადებებზე 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს