პროკურატურამ გორში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, ტარების, გადაზიდვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს, გორში, ნ.ვ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების გამო, მის მეგობრებთან ერთად ვ.ა.-ს სახლთან მივიდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ნ.ვ.-ს თანმხლები პირი დაიჭრა. მომხდარის შემდეგ დაზარალებულმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა, ასევე ბრალდებულმა თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვეს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორი ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მან თბილისიდან გორში გადაზიდა.

ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ერთ პირს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და გადაზიდვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გორის რაიონულმა სასამართლომ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობაში ერთ ბრალდებულს შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის