დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დუმილის უფლებით სარგებლობს

ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ღუდუშაურის ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა განაცხადა. ის საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. მეტს საქმესთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ ჩემი დასაცავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე. მასალები ახლა გადმოგვეცა, გავეცნობით და დეტალები ჩვენთვისაც გახდება ცნობილი“, - განაცხადა სეფიაშვილმა.

კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს მისთვის ცნობილი არაა.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება, რის შედეგადაც, ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა