სუს-მა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს.

როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლ.ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლ. ც.

საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლ. ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლ. ც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლ. ც. მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლ. ც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლ. ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 ამერიკულ დოლარს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან (თაღლითობასთან) დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა