ნიკა კაცია - იზოლატორში მიყვანისას არ დალუქეს ჩემი ნივთები, ყველა ექიმი, რომელსაც ვესაუბრე, დაჟინებით მოითხოვდა მეტადონის პროგრამაში ჩავმჯდარიყავი, ხან იუმორით, ხან სერიოზულად - ზოგადად, ალკოჰოლია, რისი მიღების უფლებას ვაძლევ ჩემს თავს

მინდა აღვნიშნო ერთი რამ: ყველა ექიმი, რომელსაც ველაპარაკე, დაჟინებით მოითხოვდა ჩავმჯდარიყავი მეტადონის პროგრამაში, ხან იუმორით, ხან სიცილით, ხან სერიოზულად,-ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში, ჩვენების მიცემისას განაცხადა.

ნიკა კაციამ მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაკავების დღეს აქციაზე წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ტელევიზიით ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმის ფაქტი ნახა.

მისივე თქმით, როდესაც გადაწყვიტა აქციაზე გასულიყო, სახლთან, გამოძახებულ ტაქსიში მასთან ერთად „ერთი ტიტუშკა ჩაჯდა, რომელიც ფხიზელი არ იყო და ალკოჰოლის სუნი ასდიოდა“, მეორე კი, მისივე თქმით, „მანქანაში კი არ შევიდა, არამედ მას თავზე დაახტა“.

„ვინც გვერდით მეჯდა, არ იყო ფხიზელი, ალკოჰოლის სუნი ჰქონდა. შიშის პირველი წამი გაჩნდა….ისტერიული სიცილი მქონდა, ვემზადებოდი, რომ მცემდნენ. ვყვიროდი: მიშველეთ, ვერ ვახერხებდი ხმის ამოღებას, მეგონა გამთიშავდნენ, მიმაგდებდნენ… რამდენჯერმე იყო კითხვა: დავით ზარდიაშვილს ხომ არ იცნობ? არ ვიცნობ-მეთქი. პერიოდულად ვყვიროდი მიშველეთ“,- აღნიშნა კაციამ.

მისივე თქმით, ტაქსის უკან ორი მანქანა იდგა, „წინა სავარძელზე დაინახა ქამარი, რაშიც იარაღი იყო და მიხვდა, რომ შსს თანამშრომლები იყვნენ“.

ადვოკატი ნინო ლომინაძე დაინტერესდა, სად წავიდა ტაქსის მძღოლი მას შემდეგ, რაც ბრალდებული პოლიციამ სწორედ ტაქსის მანქანით გადაიყვანა გლდანულას მიმართულებით, რის საპასუხოდაც კაციამ აღნიშნა, რომ „არ იცის“.

„ძალიან ამაზრზენი ფრაზები მესმოდა….ვითხოვდი დედაჩემთან დამერეკა. მარტო ვიყავი უსუსური, ადვოკატის მოთხოვნის უფლებასაც არ მაძლევდნენ….ვნერვიულობდი, მეგონა, რომ გამიშვებდნენ….გამსინჯეს კბილებზე და დამცინეს, იღლიაზე გადავიდნენ და ხელთათმანი არ გამოუცვლიათ, იღლიაში აფათურეს ხელები, სექსუალური ძალადობის შეგრძნება მქონდა“, - აღნიშნა კაციამ.

მან განყოფილებაში გადაყვანის ეპიზოდიც გაიხსენა. როგორც კაციამ აღნიშნა, მას სრულიად გაშიშვლება მოსთხოვეს.

„მომთხოვეს სრულად გაშიშვლება, რა იყო აბაზანაში არ ყოფილხარო? ჩავიცვი, ვაკეთებდი იმას, რასაც მეტყოდნენ. მითხრეს წყალი დალიეო, რაზეც უარი ვუთხარი”,- აღნიშნა კაციამ.

როგორც კაცია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თანახმა იყო ნარკოტესტირებაზე, მას პოლიციელმა მითითება მისცა, რომ უარი უნდა ეთქვა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.

კაციას თქმით, იზოლატორში მიყვანისას ყველა ექიმი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მეტადონის პროგრამაში ჩართულიყო.

„როგორც კი შემიყვანეს იზოლატორში, იქ არ მომხდარა ჩემი ნივთების დალუქვა. მინდა აღვნიშნო ერთი რამ: ყველა ექიმი, რომელსაც ველაპარაკე, დაჟინებით მოითხოვდა ჩავმჯდარიყავი მეტადონის პროგრამაში, ხან იუმორით, ხან სიცილით ხან სერიოზულად...“, - აღნიშნა კაციამ.

ადვოკატის კითხვაზე, რამდენად ჰქონდა შეხება ნარკოტიკებთან, ან მოხმარებასთან, კაციამ აღნიშნა: „ზოგადად, ალკოჰოლია რისი მიღების უფლებას ვაძლევ ჩემს თავს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე