საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანება“.

“17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება.

ამასთან, რუსეთი აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

აღნიშნული ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვა.

საქართველო აფასებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და მათ ჩართულობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე