ადვოკატი - ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული - განაჩენი გასაჩივრდება

მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, დავით ხომერიკს ედავებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების ან ნივთის ქონას, თუმცა ეს საქმეში ვერ დასტურდებოდა. შოთა თუთბერიძის თქმით, აღმოჩნდა, რომ ამ საქმეზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს პოლიტიკური დავალება გამართლების თაობაზე არ ჰქონდა მიღებული.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მყოფი კობახიძის განცხადება აღმოჩნდა მორიგი ფლიდობა, როდესაც თითქოს მან გააკეთა განცხადება, რომ რაღაც ტიპის მტკიცებულებითი სტანდარტი არსებობს სასამართლოში. ბუნებრივია, ასეთი სტანდარტი არც არსებულა და არც ამჟამად არსებობს, უფრო მეტიც, კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი რომ მოვარგოთ დავით ხომერიკის საქმეს, ჩვენ ვნახავთ, რომ არცერთი ის კომპონენტი, რომელიც ამ მართლა მლიქვნელმა ადამიანმა პირდაპირ ეთერში გააჟღერა, ამ საქმეში არ არის დაცული. ამ საქმეში არათუ ვიდეო მასალა არ არის რაიმე ტიპის ჩხრეკის ან რაიმე ტიპის დანაშაულის დამადასტურებელი, არამედ არ არსებობს სისხლის სამართლებრივი წესით შედგენილი არცერთი საპროცესო პირველადი დოკუმენტიც კი. შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმარი ხომერიკი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით და პოლიციელები ამბობდნენ, რომ დაკავების დროს და შემდეგ 2 საათის განმავლობაში მას ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ უპოვეს, ხოლო 2 საათის შედეგ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მას სასწაულებრივად აღმოუჩინეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები.

ჩვენ, გარკვეული ბუნდოვანი მოლოდინები, რა თქმა უნდა, გვქონდა და ცხადია, როდესაც მე პირადად ვუყურებდი იმას, რომ გარკვეული რეპრესიული პოლიტიკა შერბილდა “ქართული ოცნების” მხრიდან, გარკვეული იმედები გამიჩნდა, თუმცა, ბუნებრივია, ყოველთვის ვუშვებდით და ვიცოდით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დამოკიდებული იყო არა მოსამართლის მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე, არამედ პოლიტიკურ დაკვეთაზე, რომელიც არსებობდა. მე არ ვიცი, ამ საქმის დიფერენციაცია რით მოხდა, შესაძლებელია მოხდა თავად ბრალდების შინაარსით. იცით, რომ ხომერიკთან ნარკოტიკის ჩადება არ მომხდარა, აქ მას ედავებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების ან ნივთის ქონას, თუმცა ვერ დასტურდებოდა და ვერც დასტურდება ის, რომ ეს ნივთი მას ნამდვილად ჰქონდა. ამას ადასტურებდა პოლიციელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ნაწილში, ამ საქმეზე მოსამართლე გალუსტაშვილს პოლიტიკური დავალება გამართლების თაობაზე არ ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, დღეიდან უკვე გვყავს მორიგი პოლიტიკური მსჯავრდებული, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუსაჯა სანქცია”,- განაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ