ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, დაკავებულმა მოქალაქეს წიაღისეულის მოპოვების სანაცვლოდ 1800 ლარი მოსთხოვა, ქრთამის გადაცემის დროს კი ის დააკავეს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი - ზ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის მოპოვების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 800 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო