„ეფ-ეს-ბე“ - ყირიმის ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტის მცდელობა აღვკვეთეთ - ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილმა ავტომობილმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„თვითნაკეთი, მაღალი სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილი უკრაინიდან რუსეთში ტრანზიტით, რამდენიმე ქვეყნის გავლით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში, ზემო ლარსის საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილით კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, ამის შემდეგ იგეგმებოდა ავტომობილის გადაცემა იმ ადამიანისთვის, ვინც მას ყირიმის ხიდზე გაატარებდა და „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად“ იქცეოდა.

„უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, „ეფ-ეს-ბე“- მ მოახერხა მათი გეგმების ოპერატიულად გამოვლენა, „შევროლე ვოლტში“ შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და განეიტრალება და ყველა იმ პირის დაკავება, ვინც მისი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანაში მონაწილეობდა“, - აცხადებენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.

მათი ინფორმაციით, მომხარდზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და „დანაშაულის ყველა ორგანიზატორი და თანამონაწილე დაისჯება“.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული არიან დანაშაულის თანამონაწილეები, მათ შორის მძღოლი, რომელმაც, უწყების მტკიცებით, არ იცოდა, რა ხდებოდა და შესაძლოა, „თვითმკვლელი ტერორისტი“ გამხდარიყო.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა