სერგეი ლავროვი - ვერ დავთანხმდებით იმას, რომ უსაფრთხოების საკითხები რუსეთის გარეშე გადაწყდეს, ეს არ გამოვა - რუსეთი საკუთარ ინტერესებს გადაჭარბებით არ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს მტკიცედ დავიცავთ

რუსეთის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ ვერ დავთანხმდებით იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს. ეს არ გამოვა. არაერთხელ განვმარტეთ, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს გადაჭარბებით არ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს მტკიცედ და მკაცრად დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მშვენივრად ესმით, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიას და არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი მხარს უჭერს იმას, რომ ევროპის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები საიმედო იყოს.

„რაც შეეხება ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებას გეგმავენ, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ეს გარანტიები რეალურად საიმედო იყოს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, „რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოგვარების პოლიტიკური ასპექტები განიხილოს“.

„მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს დღის წესრიგში არსებული საკითხების უფრო კონკრეტულად განსახილველად ჩვენმა მომლაპარაკებლებმა სამი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადება წამოაყენეს. კერძოდ, ჯგუფები სამხედრო, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ საკითხებზე. ჯერჯერობით უკრაინისგან პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა