როგორ აფასებენ “ოცნებასა” და ოპოზიციაში ევროსაბჭოს 51 დეპუტატის მოწოდებას საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრების შესახებ
ბრძოლა ერთად თუ ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ - როგორი იქნება 4 ოქტომბერი ოპოზიციაში
საჰაერო მხარდაჭერა აშშ-ისგან და სამხედრო კონტინგენტი ევროპიდან - რა ტიპის დაცვა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ნატოში გაწევრიანების გარეშე
* * *
როგორ აფასებენ “ოცნებასა” და ოპოზიციაში ევროსაბჭოს 51 დეპუტატის მოწოდებას საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრების შესახებ
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის ხელმოწერით გამოქვეყნებულ დოკუმენტს “ოცნებაში” უსამართლო ზეწოლას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამას “საქართველო არ დაემორჩილება”. დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, გასაჩივრდება საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება და მოუწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა და ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საქართველოს გარიცხვის საკითხი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ესაა ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი დარტყმა ევროპიდან. მისი თქმით, სავარაუდოდ საკმარის ხმებს მოიპოვებენ, რომ ინიციატივა საქმედ აქციონ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ თუ საქართველო ევროსაბჭოდან გარიცხეს, ეს გააძლიერებს ავტორიტარულ მმართველობას ქვეყანაში და ადამიანის უფლებების შეზღუდვას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ აფასებენ “ოცნებასა” და ოპოზიციაში ევროსაბჭოს 51 დეპუტატის მოწოდებას საქართველოს უფლებამოსილების გასაჩივრების შესახებ.
“დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში. “ამის ნაცვლად, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის მაღალი რანგის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ არის უწყვეტი კამპანია დემოკრატიული ოპოზიციის აღმოსაფხვრელად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მიზნით. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიების ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას”, - აღნიშნულია დეკლარაციაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები”, - აღნიშნავს გამოცემა.
“წევრობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის პირველი, ვინც ევროსაბჭოში 1999 წელს გაწევრიანდა. განცხადება, თუ დეკლარაცია, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა გაავრცელეს, ჩემი აზრით, მორიგი გამოხდომაა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის საქართველოდან ევროსტრუქტურებში მუშაობის შედეგია, რომ მათ აქედან ინფორმაცია გააგზავნეს, რომ თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან დაპატიმრებულები, სამოქალაქო აქტივისტები იდევნებიან და ა.შ. მაგრამ იმ დეკლარაციაში მითითებული არაა, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში რისთვის არიან, მათ შეგნებულად დაარღვიეს კანონი და მათ რომ ეს არ გაეკეთებინათ, არავინ არ ერჩოდა და თავისუფლებაზე იქნებოდნენ. მათ ქვეყნებში რომ რომელიმე პოლიტიკოსმა იგივე გააკეთოს, ხომ შეეხება შესაბამისი სასჯელი? ვფიქრობ ეს ხელისუფლებაზე მორიგი დარტყმაა და სავარაუდოდ შეეცდებიან, რომ მოიპოვონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკმარისი რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერა, რომ როგორმე ეს ინიციატივა საქმედ გადააქციონ და ამან მიიღოს კონკრეტული მოწოდების ან დოკუმენტის ხასიათი”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ევროპის საბჭოს წევრობა მნიშვნელოვანია, ეს ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. ევროპის საბჭოს მთავარი კომპეტენცია ადამიანის უფლებების დაცვაა. გარდა ამისა, საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ევროპის საბჭოს სასამართლოს, თუ მათი უფლებები ირღვევა და საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ მომჩივანის სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუ საქართველო ევროპის საბჭოს წევრი აღარ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას არ ექნება ევროპის საბჭოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და “ოცნება” გააძლიერებს და გაააქტიურებს ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვას და საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უუფლებონი იქნებიან, ჩვენს მოქალაქეს არ ექნება უფლება გაასაჩივროს სასამართლოს ესა თუ ის დადგენილება. ერთი მხრივ შეიძლება “ოცნებას” აწყობდეს კიდეც, რომ საქართველო ევროპის საბჭოს წევრი არ იყოს, რადგან მას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა საკუთარ მოქალაქეებზე ზეწოლა გააძლიეროს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რატომ გადაუხვია საგარეო კურსს დღევანდელმა ხელისუფლებამ? იმიტომ, რომ ნაკლები პასუხისმგებლობა ექნებათ ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოს და საერთო ჯამში დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს წინაშე, ამის კომპენსირებას კი რუსეთთან და ჩინეთთან ცდილობენ. ყველაზე ეფექტური ზომა იქნება ევროკავშირის მხრიდან სანქციების ამოქმედება, როგორც პოლიტიკური ელიტის, ისე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს საქართველოს ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას ეხმიანება “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. “ევროსაბჭო ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული გაერთიანება, რომელშიც ჩვენ გავწევრიანდით მრავალი წლის წინ... დღეს, ჩვენ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ფაქტობრივად არის ვლადიმირ პუტინის რუსული რეჟიმის გაგრძელება საქართველოში, ეს ცხადყო მათ შორის, იმან, რომ ევროსაბჭოს არც ერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა დღემდე შესრულებული არ არის, პირიქით, ყველა ნაბიჯი საწინააღმდეგოდ არის გადადგმული. ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი. საბედნიეროდ, ეს არ იქნება მარტივი პროცედურა, ამაზე მსჯელობას დასჭირდება დიდი დრო”, - აღნიშნა სამადაშვილმა. მისივე თქმით, “ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უზარმაზარი განგაშის ზარი უნდა იყოს, სად მიაქანებს ქვეყანას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი”, - დასძენს გამოცემა.
ბრძოლა ერთად თუ ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ - როგორი იქნება 4 ოქტომბერი ოპოზიციაში
“ენმ-ს ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული ინიციატივა, 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს მასშტაბური აქციის ჩატარების შესახებ, ისევ აზრთა სხვადასხვაობის ეპიცენტრშია. ოპოზიციონერების ნაწილი იმავე აზრზე რჩება და 4 ოქტომბრის აქცია უპერსპექტივოდ ეჩვენებათ. თავად ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ ვისაც ეს ინიციატივა არ მოსწონს, მაშინ ახალი გეგმის ინიცატორები თავად გახდნენ. რა ხდება ოპოზიციაში და რას მოიტანს 4 ოქტომბრის აქცია ჯერ კიდევ გაურკვეველია. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დღეს ოპოზიციაში მკვეთრი იდეოლოგიური დაპირისპირება არაა, მისივე თქმით, ახალი არაფერი ხდება. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი 4 ოქტომბერს ძველი სცენარის გამეორებას ელოდება, როცა ანონსი მხოლოდ ანონსად რჩება, თვლის, რომ საკითხზე სერიოზული ანალიტიკური პოლიტიკური შეფასების გაკეთება პოლიტიკურ პროცესებიდან გამომდინარე შეუძლებელია და ყურადღებას ამახვილებს პარტიების შიდა დაპირისპირებაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბრძოლა ერთად თუ ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ - როგორი იქნება 4 ოქტომბერი ოპოზიციაში.
“ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, რომ 4 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, სკეპტიკურად უყურებს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია: “ჩემი დამოკიდებულება 4-ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას, რჩება იგივე. ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მით უმეტეს, ხისტი ფორმებით. პატივისცემა მინდა გამოვხატო თანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფი ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ. ამ კონკრეტულ კონტექსტში კი - თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ. სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა”, - წერს ხოშტარია. მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო ძლიერი საქართველოს ლიდერი ალეკო ელისაშვილიც; სხვა ოპოზიციონერებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თვითონ ენმ-ში აცხადებენ, რომ ვისაც გეგმა არ მოსწონს, შეუძლია თავად გახდეს ახალი გეგმის ინიციატორი: “მოღალატეები არასდროს გვაკლდა, ბუნებრივია, დღესაც არიან. სწორედ ახლა, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს. ვიცი, ვაშაძის ერთიანობის გეგმა ყველას არ მოსწონს, მაშინ თქვენი უკეთესი გეგმა მოიტანეთ. აიტანეთ ერთმანეთი, ტალახის სროლას მერეც მოასწრებთ. ასევე ვიცი, ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს. კარგი, მაშინ თქვენ იყავით ინიციატორები: გამოდით უფრო გაბედულები და ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ. დღეს მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ და გადავრჩეთ. რეჟიმი ჩვენს დაქსაქსულობაზეც დგას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, და არა უსასრულო ლაპარაკი და ერთი და იმავე წრეზე სირბილი”, - წერს ენმ-ს წევრი პაატა მანჯგალაძე, რომლის აზრით, “ვინც ამას ებრძვის, მტრის მსახურია და ბევრი მტკიცება ამას არ უნდა”, - დასძენს გამოცემა.
“როცა ხაბეიშვილი საუბრობს 4-ში აქციის მოწყობაზე, რატომ არ შეიძლება 6-ში ან თუნდაც სექტემბრის ბოლოს? თუ საზოგადოება მზად არის ქუჩის პროტესტში მონაწილეობისთვის, აქ რიცხვს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ამისთვის მზად არ არის, ეს არის ფუჭი მცდელობა, რომელიც ოცნებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ოპოზიციისთვის. მმართველი პარტია ამას უკვე იყენებს. თუ დააკვირდებით, ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს, რევოლუციისთვის ემზადება. ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა გაიმართოს 4-ში, გაცხადებული რომ იქნებოდა საპროტესტო მარში და თუნდაც მშვიდობიანი წინააღმდეგობა ხელისუფლებისთვის. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ საპროტესტო აქცია არ იქნება ძალიან ძლიერი? უბრალოდ ავტორიტარიზმისკენ გადავდგამთ ნაბიჯს, არა დემოკრატიისკენ, არამედ დიქტატურისკენ. გავიხსენოთ წარსული... საკითხი, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ეს ახალი არ არის. პარტიათა ერთი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, მეორე ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს. რომ გითხრათ, რომ ამ პარტიებს შორის რაიმე დიდი იდეოლოგიური დაპირისპირებაა, ეს ასე არ არის. ასე რომ აქ რამე სიახლეს ვერ ვხედავ. ადრეც ყოფილა შემთხვევები, როცა ოპოზიცია არ იყო ერთიანი და დღესაც იგივე ხდება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ისევ და ისევ მეორდება ის უკიდურესად ჩამოძონძილი სახელმძღვანელოს სცენარი, რომ მასობრივი აქციით ამა და ამ დღეს ამთავრებენ ხელისუფლებას, გვახსოვს ის საკრალური დღეები და ისიც როგორ დამთავრდა აქციები, ასევე დასრულდება 4 ოქტომბრის კლოუნადა, თუ პაატა ბურჭულაძის ასევე შაპიტო სატელეფონო თუ სახალხო არჩევნები. საკმაოდ რთულია პოლიტიკურ-ანალიტიკური შეფასების გაკეთება ისეთ თემაზე, რაც არასერიოზულია და არათანამიმდევრულია. რაც შეეხება დაპირისპირების საკითხს, ვხედავთ, რომ დაპირისპირებაა გახარიას პარტიის შიგნით. თუ არ ვცდები, 3-მდე წევრმა უკვე დატოვა პარტია, მაშინ როცა არც იციან, მათი ლიდერი სხვა ქვეყანაშია და არც იციან დაბრუნდება თუ არა. ყველაზე მთავარი, რაც არის - სად არიან კანდიდატები, რატომ ვერ შედგა ამ ყველაფრის შეთანხმება აქამდე, თუკი იცოდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ? უფრო ადრეც დაეწყოთ მონაწილეობა. გრიგოლ გეგელია საერთოდ ასტრალშია. ასე რომ, ამ აბდაუბდა სიტუაციაში, მე პირადად, რომ შევაფასო ეს პროცესი, თუნდაც 4 ოქტომბრის აქცია, ეს არასერიოზული იქნება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
საჰაერო მხარდაჭერა აშშ-ისგან და სამხედრო კონტინგენტი ევროპიდან - რა ტიპის დაცვა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ნატოში გაწევრიანების გარეშე
“უკრაინა აცხადებს, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად მუშაობენ. ამასთან ერთად, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. აშშ-ს ადმინისტრაციაში კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიონ. შეუძლია თუ არა უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიების მიღება და რა ტიპის გარანტიებზეა საუბარი, საკვანძო კითხვად რჩება. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ უკრაინისთვის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ნატოში გაწევრიანებაა, სხვა, საერთოდ არაფერი და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამის წინააღმდეგია, უნდა მოხერხდეს. მისი აზრით, ეს არის გრძელი ომი, მშვიდობა არ დამყარდება, მოლაპარაკებები - ყველაფერი არის ბუტაფორია. პუტინს ამ ომის დასრულება არ უნდა, ცდილობს გახანგრძლივებას და იმისათვის, რომ ომში ვერ გაიმარჯვოს, საჭიროა ბევრი შეიარაღება, რომ უკრაინამ შეძლოს გრძელვადიანი ომის გაგრძელება და გამარჯვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საჰაერო მხარდაჭერა აშშ-ისგან და სამხედრო კონტინგენტი ევროპიდან - რა ტიპის დაცვა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ნატოში გაწევრიანების გარეშე.
“რაღაცა გარანტიები მესმის, თუმცა, არ არსებობს ეს გარანტიები. გარანტია იქნება, რომ ჯარი შეიყვანონ, მაგრამ ამას არავინ არ იზამს. ერთი-ორგან მოვკარი ყური - ნატოში წევრობის გარეშე რაღაც გარანტიების მიცემას; ამაზე მეტი სისულელე უბრალოდ არ მომისმენია. ნატოში იმიტომ გვინდა, რომ აქ მე-5 პუნქტი მუშაობს. რაც შეეხება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს არის მხოლოდ პუტინისთვის დროის მოგების მცდელობა და საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა. სხვა ეს შეხვედრები საერთოდ არაფრის მომტანია”, - განმარტავს ლაშა ბერიძე. საინტერესოა, ამერიკელი ექსპერტების, მათ შორის ტომას გრამის, მოსაზრება. ის მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში უსაფრთხოების სისტემის აღსადგენად. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი გარანტიები მოითხოვს სერიოზულ პოლიტიკურ და სამხედრო ვალდებულებებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია არ იყოს მხოლოდ სიტყვიერი, არამედ რეალური და შესასრულებელი, რათა თავიდან იქნას აცილებული წარსულის შეცდომები, როგორიც იყო ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკრაინა ეძებს გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და არ დაუშვებს რუსეთის მომავალ აგრესიას. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას და მზადყოფნას. მხოლოდ მკაფიო და რეალურ გარანტიებს შეუძლია უკრაინას დაეხმაროს რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში და მშვიდობის დამყარებაში”. მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს მრავალმხრივი და მოიცავდეს არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა”, - განაგრძობს გამოცემა.
“უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოიცავდეს: მაღალტექნოლოგიური იარაღის მიწოდებას, მჭიდრო სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობას, ფინანსურ დახმარებას, რაც არ გულისხმობს შეერთებული შტატების პირდაპირ სამხედრო ჩარევას უკრაინაში”. - წერს მკვლევარი. უკრაინული მხარე მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთმა 19 აგვისტოს ღამეს მორიგი მასშტაბური შეტევა განახორციელა. მისი თქმით, რუსეთის დარტყმები მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას ადასტურებს: “ეს ყველა დემონსტრაციული დარტყმებია, რომლებიც ადასტურებს მოსკოვზე ზეწოლის აუცილებლობას, ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესების აუცილებლობას იქამდე, სანამ დიპლომატია სრულად ეფექტური არ გახდება. აშშ-თან, ევროპასთან და ყველასთან ერთად, ვისაც მშვიდობა სურს, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ. საიმედო და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება”, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი”, - დასძენს გამოცემა.
“მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს: “როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, (ევროპელები) მზად არიან, ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ სხვადასხვა რამით, განსაკუთრებით, ალბათ საჰაერო მხარდაჭერით", - განაცხადა ტრამპმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა, დაადასტურა, რომ აშშ-ის მხრიდან საჰაერო მხარდაჭერა “ვარიანტი და შესაძლებლობაა”, თუმცა, ტრამპის მსგავსად, დეტალები არც მას დაუკონკრეტებია: “პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები უკრაინაში ადგილზე არ განლაგდებიან, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ კოორდინაციაში და შესაძლოა, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს უსაფრთხოების გარანტიების სხვა საშუალებებიც მივაწოდოთ”, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა”, - წერს სტატიის ავტორი.