ირაკლი ფავლენიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობა დაფინანსებული არასდროს ყოფილა - ნებისმიერი თანხის დახარჯვაა მისაღები, როცა საუბარია სიტყვის გამოხატვის თავისუფლების გადარჩენაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მესამე სექტორის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი რეპრესიული ნაბიჯია.

როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალადობა არასდროს დაუფინანსებიათ.

„არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებულია კიდევ ერთი რეპრესიული ღონისძიება. არასდროს ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ძალადობა, ეს ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ. მისაღები არის ნებისმიერი თანხის დახარჯვა, როდესაც საუბარია სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის მისაღები და საჭირო კიდეც. თურმე ის ხალხი, რომელიც ასეთი ძალაობისგან იცავდა თავს, ისინი „მოძალადეები“ ყოფილან“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს