ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ და ირონიული სახე ნუ იქნება, როცა მე და ჩემი კოლეგები, სინდისის პატიმრები დასკვნით სიტყვას წარმოვთქვამთ

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ და ირონიული სახე ნუ იქნება, როცა მე, ჩემი კოლეგები, სინდისის პატიმრები დასკვნით სიტყვას წარმოვთქვამთ,- ასე მიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

სხდომის დაწყებისთანავე კორკოტაძემ განმარტა, თუ რატომ არ ტოვებდა ის სხდომათა დარბაზს მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მან გასულ პროცესზე განაცხადა.

„თქვენ რომ კანონი ერთი პროცენტითაც გაძლევდეთ უფლებას განაჩენი დღესვე დააყენოთ, არც ჩვენს დასკვნით სიტყვას მოუსმენდით და არც სინდისის პატიმრების საბოლოო სიტყვას დაელოდებოდით. ვიცით, საბოლოოდ რასაც გააკეთებთ.

[გასულ სხდომაზე] ჩვენ ვთქვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სრული შემადგენლობით არ იქნებოდა, დარბაზს დავტოვებდით. იქიდან გამომდინარე, რომ სინდისის პატიმრებს, ამ ადამიანებს, ვინც აქ მოვიდა, პატივს ვცემ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დარბაზში ვრჩებით“, - განაცხადა კორკოტაძემ.

მან მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ გასულ სხდომაზე მისი სახის გამომეტყველებით გაოგნებული დარჩა, როცა მოსამართლე ადვოკატებისა და ბრალდებულების სიტყვებს ისმენდა.

„გაოცებული ვიყავი, თქვენგან ირონიული სიცილით... მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ და ირონიული სახე ნუ იქნება, როცა მე, ჩემი კოლეგები, სინდისის პატიმრები დასკვნით სიტყვას ვიტყვით“, - განაცხადა კორკოტაძემ.

მას მოსამართლემ მოუწოდა, სასამართლოს შეურაცხმყოფელი განცხადებები აღარ გაეკეთებინა.

„ძალიან უხერხულია, მოსამართლის სახე რომ არ მოგწონთ, ამ განცხადების გაკეთება. სხდომათა დარბაზში ვიმყოფებით და სახეზე არ ვმსჯელობთ“, - განაცხადა გალუსტაშვილმა.

ამ წუთებში სასამართლოში ონისე ცხადაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე დასკვნით სიტყვას წარმითქვამს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ