გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი - ძალიან სამწუხაროა, რომ დამოკიდებული ვართ არა კონკრეტულ მოსამართლეზე და მის შეხედულებებზე, არამედ გენერალურ უწყებებზე - ველოდებით ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება მოხდეს

ძალიან სამწუხაროა, რომ დამოკიდებული ვართ არა კონკრეტულ მოსამართლეზე და მის შეხედულებებზე, არამედ გენერალურ უწყებებზე. ველოდებით ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დასკვნით სიტყვაში ბრალდებულებმა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების უფლება წაართვეს და ის საზოგადოებამ უკვე მიიღო.

“ჩვენ შესავალ სიტყვაში დავპირდით სასამართლოს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკურად ვაცნობიერებდით, ეს არ იყო სამართლებრივი პროცესი, ეს იყო ბიჭების პოლიტიკური დევნა, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებდით იმ უსამართლობას, რასთან შეტაკებაც გვიწევდა და ვიცოდით, რამხელა მანქანა მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგ, სასამართლოს დავპირდით, რომ ჩვენი მხრივ იმ დისციპლინითა და იმ თავდადებით ვიმუშავებდით, რაც საჭირო იყო, რომ ნებისმიერ რეალობაში დაგვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა.

დასრულდა სასამართლო განხილვის სხდომა, შევაჯამეთ ეს ყველაფერი. შეჯამებაში ვაჩვენეთ ის, რომ თუნდაც საერთოდ მტკიცებულებებზე არ შევიდეთ განხილვაში, თვითონ ბრალის დადგენილებით შეუძლებელია, დამნაშავედ იქნეს ცნობილი რომელიმე არა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არამედ ვინმე ამ ბიჭებისგან და, რაც მთავარია, ვაჩვენეთ ის, რაც ჩვენ დასკვნით სიტყვაში ვამბობდით - ჩვენ წავართვით სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების უფლება, გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ, გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვართ უდანაშაულოები და ჩვენ ვართ გამარჯვებულები.

მოლოდინი ისეთივე ნეგატიურია, როგორც ჩვენს დასკვნით სიტყვამდე იყო. სანამ ჩვენ საკუთარი ხელით არ შევეხებით ბიჭებს გარეთ, მანამდე არანაირი მოლოდინი არ შეიცვლება. ის, რომ ნინო გალუსტაშვილი ან ნებისმიერი სხვა მოსამართლე ამ საქმეებზე ავტონომიურად მიღებს გადაწყვეტილებას, პრინციპში, ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც შესაძლებელია, ამის მოლოდინი არ გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ დამოკიდებული ვართ არა კონკრეტულ მოსამართლეზე და მის შეხედულებებზე, არამედ გენერალურ უწყებებზე. ველოდებით ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება მოხდეს”, - განაცხადა ფურცელაძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა