ვახტანგ ძაბირაძე - “რიგითი მოქალაქის დასჯა და მისთვის უვიზოდ მოგზაურობის უფლების წართმევა უსამართლობა იქნება”
რისთვის ემზადება გახარია - ექსპრემიერი უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადებას თავად გააკეთებს
მირიან მირიანაშვილი - “ამერიკის ელიტაში დიდი პოლიტიკური ბატალიებია როგორც უკრაინულ, ისე ქართულ საკითხზე, პროცესები უკვე დასკვნით ფაზაში შედის”
“ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო “კოზირი” - რა მოყვება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წულუკიანის კომისიის დასკვნის დამტკიცებას
გია ხუხაშვილი - “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “რიგითი მოქალაქის დასჯა და მისთვის უვიზოდ მოგზაურობის უფლების წართმევა უსამართლობა იქნება”
“არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყონ პირდაპირი რეპრესიები, ანუ სისხლის სამართლის საქმე შეუკერონ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ლიდერებს და ციხეში გაუშვან არაერთი მათგანი. ეს კეთდება იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო დააშინონ საზოგადოება, რათა მასშტაბური პროტესტი ისევ ქუჩაში არ გადმოიღვაროს. ოპოზიცია ამბობს, რომ დაიწყებს ქუჩის აქციებს, რაზეც “ქართულ ოცნებას” ძალიან მტკივნეული რეაქცია აქვს. ის ყოველგვარ პროტესტს უკვე გადატრიალების ცდად აფასებს, რაც სწორედ მათ შიშზე მიანიშნებს, ცდილობენ ამგვარი რადიკალური ნაბიჯებით ხალხს პროტესტის გამოხატვის სურვილი დაუკარგონ. “ოცნება” ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, მას, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად არაფერი გააკეთოს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რიგითი მოქალაქის დასჯა და მისთვის უვიზოდ მოგზაურობის უფლების წართმევა უსამართლობა იქნება”.
“ბოლო დროს ჩვენი ოპოზიციის წევრებისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყანა არ დაისაჯოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით და მოიძებნოს გზა ხელისუფლების წევრების სანქცირებისთვის. ეს ნამდვილად სწორი იქნება, რადგან დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისა და ხელისუფლების ვიწრო წრის შეხედულებებს შორის ევროპული გზის შესახებ დიდი აცდენაა. თვითონ საჯარო სამსახურში ბევრი არ ეთანხმება “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ კურსს. შესაბამისად, რიგითი მოქალაქის დასჯა და მისთვის უვიზოდ მოგზაურობის უფლების წართმევა უსამართლობა იქნება, ყოველ შემთხვევაში, პირველ ნაბიჯად მაინც. მეც მიმაჩნია, რომ უპირველესად ხელისუფლების წევრებს, მათი ოჯახების წევრებს უნდა დაუწესდეთ სავიზო თუ სხვა სახის შეზღუდვები და თუ კიდევ არ მოეგებიან გონს, მხოლოდ შემდეგ ნაბიჯად იქნეს განხილული ქვეყნის სავიზო თუ ეკონომიკური სანქცირება. თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები სხვადასხვაგვარია, იმედია, მოიძებნება მართლაც საფუძველი იმისთვის, რომ ამ ეტაპზე მაინც გადარჩეს საქართველო სანქციებს. ვნახოთ, დიდი დრო აღარ არის დარჩენილი გადაწყვეტილებამდე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ამასთანავე მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე არ იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება. ეს დამოკიდებული იქნება საზოგადოდ მსოფლიოში და ასევე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზეც. როდესაც მსოფლიო მოვლენებზე ვლაპარაკობთ, უპირველესად მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების ცდა და იქ პროცესების განვითარება. ამის გარდა, გვინდა თუ არა, სამხრეთ კავკასიაში სრულიად განსხვავებული პროცესები დაიწყო. თუ ადრე ჩვენ ვიყავით დასავლეთთან ურთიერთობის მთავარი ხიდი და პრიორიტეტი, დღეს პირიქითაა - ჩვენ ამ ურთიერთობებიდან ამოვვარდით, სომხეთი და აზერბაიჯანი კი ცდილობენ დასავლეთთან დაახლოებას. ალიევის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ ადევნებთ თვალს, ასეთი ანტირუსული განცხადებები კარგა ხანია არ გამიგონია არათუ ალიევისგან, არამედ ბევრი დასავლელი ლიდერისგანაც. ასე რომ, პროცესები განსხვავებულად ვითარდება, რისი გაუთვალისწინებლობაც წარმოუდგენელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს ოპოზიციას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ბრძოლის ორი ფრონტი: პირველი - ზოგადი სტრატეგიისა და მიმართულების ჩამოყალიბება ხელისუფლების შესაცვლელად და მეორე - მოიპოვოს და გააფართოოს ელექტორალური წრე. ეს შიდა დაპირისპირებები, ვფიქრობ, სწორედ ამ მეორე ამოცანას ემსახურება, თუმცა ამას ისე უხარისხოდ აკეთებენ, მგონი, იმ ელექტორალურ რესურსსაც კარგავენ, რაც აქვთ... არ ვიცი, რაში სჭირდებათ ამ წვრილმანებზე ასეთი აჟიოტაჟი, მით უფრო, როდესაც ხედავ, როგორ აძლევ საზრდოს “ქართული ოცნების” პროპაგანდას. თითქოს არც უნდა იყოს და არც არის ეს იმდენად პრიორიტეტული არც ქვეყნისთვის და არც მოქალაქეებისთვის, რომ ამაზე ამდენი ენერგია და ძალა დახარჯო. სამწუხაროდ, დღეს ერთ-ერთი საყრდენი იმისა, რომ “ქართული ოცნება” ელექტორატსაც ინარჩუნებს და ძალაუფლებასაც, არის სწორედ ასეთი ოპოზიცია. დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა იმას, რომ ოპოზიციის ერთიანობისა და ნორმალური კანდიდატის შემთხვევაში, გაცილებით მეტი შანსი ჰქონდათ თბილისის მოგების, ვიდრე “ქართულ ოცნებას”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“ივანიშვილმა ღარიბაშვილის კობახიძით შეცვლის შემდეგ ახალ პრემიერს მისცა ცოტაოდენი თავისუფლება თავისი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამით იყო განპირობებული ის ცვლილებები, რაც ვნახეთ, მთელი ძალოვანი ბლოკი შეიცვალა. სხვა საქმეა, რომ ვიღაცებს ფული მოსთხოვეს, ვიღაცები გაწირეს, მაგრამ ყველა დიქტატორულ რეჟიმს ახასიათებს ამგვარი ნაბიჯები. რაც შეეხება ოხანაშვილის ჩანაცვლებას, გახსოვთ, ალბათ, საკმაოდ დიდხანს მიდიოდა ლაპარაკი იმაზე, რომ მდინარაძე შეიძლება ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი. როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებაში ივანიშვილმა არ გაწირა კალაძე და დატოვა ისევ კანდიდატად. შესაბამისად, მდინარაძე უკმაყოფილო დარჩა და ეს როგორმე უნდა დაებალანსებინათ. ასეთ შემთხვევაში სუს-ის ხელმძღვანელობა მისთვის მისაღები აღმოჩნდა, მით უფრო, კულუარებში ხშირად ამბობდნენ, რომ ოხანაშვილმა ვერ გაართვა თავი ამ უწყების ხელმძღვანელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ, ის დააბრუნონ მთავრობაში არჩევნების შემდგომ. ჩემი აზრით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მოსალოდნელია სალიას ოხანაშვილით ჩანაცვლება. “ქართულ ოცნებასა” და ნებისმიერ ქართულ ხელისუფლებაში გამსახურდიადან მოყოლებული დღემდე კადრების შერჩევის ერთადერთი პრინციპი მუშაობდა და მუშაობს - ეს არის მორჩილება. ვინც თანხმდება ამას, ის იკავებს თანამდებობას. ამიტომაც ტრიალებს ეს ხელისუფლებაც ერთ წრეზე...” - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“ის, რაც მოხდა 28 აგვისტოს, მარიამობას, თუ როგორ ვერაგულად დაესხა რაკეტებით რუსეთი კიევს თავს, აჩვენებს, რომ პუტინის რეჟიმი მშვიდობაზე სულაც არ ფიქრობს. აქედან გამომდინარე, მე ამ წელს ცეცხლის შეწყვეტასაც არ ველი, არათუ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. ეს მომავალი წლის გაზაფხულზე თუ მოხერხდა, კარგი იქნება. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ, ტრამპმა მართლაც გაზარდოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მასშტაბი, მათ შორის ევროპის მონაწილეობით. მიხარია, რომ ევროპა გამოფხიზლდა საღათას ძილისგან და საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა. გარდა ამისა, ველი, რომ ტრამპს მაინც მოუწევს რუსეთისთვის ძალიან მძიმე სანქციების დაწესება”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - პეკინში 3 სექტემბერს აღლუმზე მიიწვიეს სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ არ მიიწვიეს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო. როგორ ფიქრობთ, რატომ?” - პასუხობს:
“რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩინეთმა და აშშ-მა ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე და აკრიტიკონ ერთმანეთი, ფაქტი ფაქტად რჩება - ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არის ამერიკა და ბუნებრივია, ერიდება მის გაღიზიანებას. კი, საქართველოსთან ჩინეთის ურთიერთობა კორექტულია, მაგრამ არა იმდენად მაღალი დონის, რომ ქვეყნის ლიდერი მთავარი სტუმრების სიაში იყოს. ის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწვიეს და საქართველო არა, შესაძლოა რეგიონში ბალანსის დაცვის ცდაც იყოს. მათთან ერთად საქართველოს მოწვევა შეიძლება აღქმულიყო როგორც გეოპოლიტიკური “გზავნილი” დასავლეთისთვის, რასაც ჩინეთი, სავარაუდოდ, ერიდება”.
რისთვის ემზადება გახარია - ექსპრემიერი უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადებას თავად გააკეთებს
“ორ თვეზე მეტია, რაც ექსპრემიერი გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. 30 აგვისტოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო. მის პარტიაში აცხადებენ, რომ გახარია ამჟამად ევროკავშირში ხანგრძლივი საქმიანობისთვის საჭირო პროცედურებს გადის და “უახლოეს დღეებში” თავად გააკეთებს განცხადებას თავისი გეგმების შესახებ. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ექსპრემიერი უშუალოდ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ დაბრუნდეს სამშობლოში. გიორგი გახარიას მიერ საქართველოს დატოვების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც იგი ხელმეორედ დაიბარეს პარპლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე. კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის თქმით, როდესაც 21 ივნისს გახარიას მათი წარმომადგენელი დაუკავშირდა, ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა და კომისიას ონლაინ რეჟიმში ჩართვა შესთავაზა. გიორგი გახარია მეორედ 23 ივნისს უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, საბოლოოდ, კომისიის სხდომას 2 ივლისს ონლაინ ჩაერთო. მანამდე, 14 აპრილს, გახარია უკვე იმყოფებოდა კომისიის სხდომაზე ჩორჩანას მოვლენებთან დაკავშირებით. მისი ხელმეორედ დაბარება კი უკვე 20 ივნისის საპროტესტო აქციის ცნობილ დარბევას უკავშირდებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ემზადება გახარია - ექსპრემიერი უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადებას თავად გააკეთებს.
“30 აგვისტოს “რუსთავი 2”-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო და ახლა თავისი თანაპარტიელის, ანა ბუჩუკურის დახმარებით, ერთ-ერთ უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნაც სურს. პარტიაში “გახარია საქართველოსთვის” არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა პარტიის ლიდერმა გერმანიაში ბინადრობის უფლება. ამ თემაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პარტიის წევრმა თამარ კეკენაძემ აღნიშნა: “მე ერთადერთი, რაც შემიძლია, დაგიდასტუროთ, არის ის, რომ გიორგი გახარია ამ ეტაპზე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ევროკავშირში”. ამასთან, კეკენაძის თქმით, ასევე უახლოეს მომავალში გაირკვევა, სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩამოვა თუ არა გახარია საქართველოში. “როდის ჩამოვა საქართველოში, როგორ და სად გააგრძელებს იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენას, იქნება ეს აქტიური ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში ფიზიკურად თუ ევროკავშირის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების გაგრძელება, ამას უახლოეს დღეებში მოქალაქეები თავად გიორგი გახარიასგან გაიგებენ“, - განაცხადა კეკენაძემ. ანა ბუჩუკურის ინფორმაციით კი, გახარია ჩვეულებრივად გადის იმ პროცედურებს, რაც აუცილებელია “ევროკავშირში ხანგრძლივი საქმიანობისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გახარია დაბრუნდება მაშინ საქართველოში, როცა იქნება საჭირო. ივანიშვილის და “ნაცების” სურვილი, გახარიამ შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა, რა თქმა უნდა, დარჩება აუხდენელი. გახარია არის იქ, სადაც ყველაზე ეფექტური არის სახელმწიფოსთვის და საერთო საქმისთვის. “რაც შეეხება ბინადრობის მოწმობას, ევროკავშირში ხანგრძლივი საქმიანობისთვის პროცედურები, რაც საჭიროა, გახარია ამ პროცედურებს გააკეთებს და გაივლის. მე ვერ ვხდები რა არის საერთოდ კითხვის ნიშანი აქ, ან რა არის გასაკვირი, ან კითხვა რაში მდგომარეობს საერთოდ”, - განაცხადა ბუჩუკურმა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარია არჩევნების წინ ჩამოვიდეს საქართველოში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე კი გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე გახარია საქართველოში დაბრუნდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ვერ გეტყვით, რატომ არ ჩამოდის გახარია და რა ელის ჩამოსვლის შემთხვევაში, რადგან ყველაზე მომგებიან სიტუაციაში, ვინც სხდომაზე დაბარებული იყო, გახარია იყო. ალბათ, თვითონ იცის მიზეზი, თუ რატომ უნდა აარიდოს ამ სასამართლოს თავი. თუმცა მე ასე მგონია, რომ უშუალოდ არჩევნების წინ მაინც ჩამოვა. ხელისუფლების წევრი იყო, ფაქტია, რომ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები აქვს გადადგმული და ახლა იმალება. სხვა ახსნა ამ დამალვასთან დაკავშირებით, ძალიან ძნელია. აბა, რატომ უნდა იმალებოდეს ადამიანი, თუ არაფერი დაუშავებია?! შეიძლება თქვას - მაინც დამაბრალებდნენ და დამიჭერდნენო, მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია - პოლიტიკოსობა ისეთი საქმიანობაა, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს დაიჭირონ, მაგრამ მთავარია მართალი ხარ, თუ მტყუანი. თუ მართალი ხარ, დაჭერა არ გაშინებს. თუმცა, თუ მტყუანი ხარ არა მარტო იმით, რომ სასამართლოზე არ გამოცხადდი, არამედ იმის გამო, რატომაც გიბარებდნენ სასამართლოზე, გეგულება შეცდომები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოს, მაშინ ეს გამოდის ერთადერთი ახსნა, რატომ არ ჩამოდის. ესე იგი იმიტომ არ ჩამოდის, რომ იმდენად დიდი დანაშაულებები აქვს, რომ ეშინია. ციხის არ ეშინია მართალ ადამიანს და ხშირ შემთხვევაში ეს მათზე მოქმედებს ცუდად, ვინც ციხეში ჩასვა. ვინაიდან გახარია ამ სტილს მოერიდა, ჩნდება ეჭვი, რომ რაღაცები შეიძლება გაუხსენონ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“შეიძლება მის მიმართ რაღაც მუქარები და ზეწოლა მიდიოდა. არც ის იყო გამორიცხული, რომ დაეპატიმრებინათ. ამიტომ შეიძლება ამის გამო არ ჩამოდის. ამის მიუხედავად, გახარია დათმობაზე წავიდა და სხდომაზეც გამოცხადდა. არ მგონია გახარია ჩამოვიდეს, მათ შორის არც არჩევნების პერიოდში. იმ შემთხვევაში წავა ამაზე, თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. თუმცაღა მას უხერხულობის შეგრძნება მაინც ექნება, რადგან ჩაითვლება, რომ მისი პარტია გარიგებული იყო “ოცნებასთან” და ამიტომ მონაწილეობდა არჩევნებში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
მირიან მირიანაშვილი - “ამერიკის ელიტაში დიდი პოლიტიკური ბატალიებია როგორც უკრაინულ, ისე ქართულ საკითხზე, პროცესები უკვე დასკვნით ფაზაში შედის”
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინის გარემოცვის ამერიკის ელიტასთან კომუნიკაციიდან (განსაკუთრებით სატელეფონო საუბრების შემდეგ) მეორე ან მესამე დღეს საშინლად იბომბება კიევი. ლოგიკური იქნებოდა, ეს ტრამპის დისკრედიტაციის ცდად მიგვეჩნია, მაგრამ პუტინისთვის ტრამპი ერთადერთი ფანჯარაა დასავლურ სამყაროში. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინის მიზანია ეკონომიკური და სამხედრო სისუსტის დაფარვა. მას სურს აჩვენოს, თითქოს შეუძლია ომის გაგრძელება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ეს თავდასხმები სწორედ ასეთი “ეპისტოლეა”. რეალობა კი საპირისპიროა: რუსეთის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ექსპერტები უკვე ვადებზე მსჯელობენ, თუ როდის შეიძლება მოხდეს კოლაფსი. ისინი თანხმდებიან, რომ პერმანენტულად მზარდი ჩინური დახმარების გარეშე კრემლი ომს ვერ გააგრძელებს. ინტრიგაც სწორედ ეგ არის, შეუძლია თუ არა ჩინეთს აიკიდოს ისეთი მძიმე ტვირთი, როგორიც რუსეთია. ამ კითხვაზე პასუხი უკრაინის კონფლიქტის მომავლის გასაღებია”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამერიკის ელიტაში დიდი პოლიტიკური ბატალიებია როგორც უკრაინულ, ისე ქართულ საკითხზე, პროცესები უკვე დასკვნით ფაზაში შედის”.
“წმინდა პოლიტიკურად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკამ უკრაინის საკითხში მთავარი ტვირთი ევროპას გადააბარა. კონფლიქტი ისე გარდაისახა, რომ ფაქტობრივად, დღეს ჩინეთი და ევროპა ებრძვიან ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის ხელით. ეს სცენარი ჩინეთის ინტერესებში არ შედიოდა. მისი მიზანი იყო ამერიკის ჩათრევა წამგებიან პირობებში, ისე, რომ დახმარების დიდი წილი ვაშინგტონს დაჰკისრებოდა, ხოლო თავად მინიმალური რესურსებით გამომძვრალიყო. ამიტომ ჩინეთს რუსეთის ხანგრძლივად დახმარება არ აწყობს. სწორედ ამიტომ პუტინი ტრამპზე იქნება ორიენტირებული, იმავდროულად კი ცდილობს აჩვენოს, თითქოს მისი მდგომარეობა კატასტროფული არ არის... უმნიშვნელოვანესია ტრამპის როლი - სანამ ის დაინტერესებულია სამშვიდობო პროცესით, მოსკოვს უჭირს უარის თქმა ამაზე... ტრამპის სამშვიდობო იდეები არასწორად არის აღქმული. ნაწილი ფიქრობს, თითქოს ნობელის პრემიის მიღება მისი ახირებაა, სინამდვილეში, ეს პრემია ტრამპისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია. მან კარგად იცის, რომ როდესაც ბარაკ ობამამ 2009 წელს, პრეზიდენტობის პირველივე წელს, მიიღო ნობელის პრემია, მისი რეიტინგი რამდენიმე პროცენტით გაიზარდა, მაშინაც კი, როცა ობამას ჯერ არანაირი კონკრეტული შედეგი არ ჰქონდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ტრამპის რეიტინგი ამჟამად 38-44%-ს შორის მერყეობს, რაც ძალიან დაბალია იმისათვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში გავლენიან ლიდერად აღიქვან. თუ ეს მაჩვენებელი 35%-ს ჩამოსცდება, მას რეალურ პოლიტიკურ ძალად აღარავინ აღიქვამს და მხოლოდ ნომინალური პრეზიდენტის სტატუსი ექნება. ამიტომ სჭირდება მას მშვიდობის ინიციატივა და ნობელის პრემიის პერსპექტივა, როგორც პოლიტიკური “ლიფტი”. ტრამპისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, სად გაივლის ფრონტის ხაზი, კრამატორსკთან, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, მისთვის მთავარი რეიტინგული შედეგია, არადა, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის, რის გამოც დაძაბულობა და “ჭიდილი” აშკარად ჩანს ამერიკულ პოლიტელიტაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დაპირისპირების ერთ მხარეს დგას კიტ კელოგი, დაზვერვის გამოცდილი მაღალჩინოსანი, რომელსაც დეტალური ინფორმაცია აქვს პროცესებზე, მეორე მხარეს კი სტივ უიტკოფი, საშუალო რანგის ბიზნესმენ-დეველოპერი, რომელიც ტრამპის დავალებებს ტექნიკურად ასრულებს. პირველი ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საჭიროებას, მეორე მხოლოდ ტრამპის ინტერესებზეა ორიენტირებული. უიტკოფის დისკრედიტაციის კამპანია უკვე დაიწყო. ცდილობენ ის წარმოაჩინონ როგორც დილეტანტი მომლაპარაკებელი, თითქოს თემები ავიწყდება, ბლოკნოტს აქეთ-იქით ტოვებს და ა.შ. შესაძლოა მოლაპარაკების პროცესს პირდაპირ ვერ ჩამოაშორონ, მაგრამ დისკრედიტირებული უიტკოფი ვეღარ იქნება ის ფიგურა, რომელსაც კონკურენციის გაწევა შეუძლია კიტ კელოგისთვის. რაც შეეხება მარკო რუბიოს, სწორედ ის იყო უიტკოფის დისკრედიტაციის ერთ-ერთი ინიციატორი. დაპირისპირება იმდენად შორს წავიდა, როდესაც უიტკოფი მოსკოვში იყო, რუბიოს ჯგუფმა საელჩოს წარმომადგენლებს აუკრძალა მასთან ერთად კრემლში შესვლა”, - ამბობს ანალიტიკოსი.
“ტრამპს კი დღეს აღარ აქვს საკმარისი რესურსი, რომ რუბიოსა და მისი გარემოცვის “მორჯულება” შეძლოს. თუ რუბიოს და ლინდსი გრემს გადაიკიდებს, შეიძლება ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რომ საგარეო პოლიტიკა საერთოდ გადაავიწყდეს. ამ დაპირისპირებამ განსაკუთრებული სიმწვავით უკრაინის საკითხში იჩინა თავი. როგორც ჩანს, საქართველოს საკითხზეც იგივე ვითარებაა. ცნობილია, მარკო რუბიო მკაცრი პოლიტიკის მომხრეა საქართველოს საკითხზე, მაშინ როცა ტრამპის ოჯახი და მისი უახლოესი გარემოცვა შედარებით რბილი კურსის შენარჩუნებას ცდილობენ. ამ ეტაპზე ამერიკის ელიტაში დიდი პოლიტიკური ბატალიებია როგორც უკრაინულ, ისე ქართულ საკითხზე. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა პროცესები უკვე დასკვნით ფაზაში შედის. საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ არის გადასაწყვეტი. მაგალითად, შეჩერებულია ახალი ელჩის დანიშვნის საკითხიც, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებებს. თეთრ სახლში ვერ შეთანხმდნენ, როგორი ტიპის დიპლომატი უნდა ჩამოვიდეს თბილისში”, - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.
“უიტკოფი ცდილობდა საკუთარი ბიზნესპარტნიორის დანიშვნას, თუმცა მოგვიანებით ამ განზრახვაზე ხელი ააღებინეს და ამ საქმეშიც რუბიოს უპირატესობა ჩანს. დიპლომატიური მექანიზმები და საელჩოები მის გავლენას ექვემდებარება, მით უმეტეს, აშშ ტრადიციულად დიდ ყურადღებას აქცევს სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიურ ქსელს. თბილისში მდებარე ამერიკის საელჩო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიპლომატიურ კომპლექსად ითვლება, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად მაღალია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ვაშინგტონისთვის. სწორედ ამიტომ ელჩის დანიშვნა მხოლოდ ფორმალური პროცესი აღარ არის, ის დიდი პოლიტიკის ნაწილად იქცა”, - დაასკვნის მირიანაშვილი და შეკითხვაზე - “სი ძინპინმა რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და მიანმარის ლიდერები მიიწვია. რა პოლიტიკური სიგნალი დგას ამის უკან და რა მიზანს ისახავს ეს “დაბარება”? - პასუხობს:
“სი ძინპინის დიპლომატიური ფორმატი აშკარად კონფლიქტურია დასავლეთთან. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ პეკინი ცდილობს მეორე მსოფლიო ომში იაპონელ დამპყრობლებზე გამარჯვების მე-80 წლისთავის “პოლიტიკურ პრივატიზებას”. ღონისძიებაზე მიწვეული არიან ანტიდასავლური ბლოკის ლიდერები, მაშინ როცა ევროპიდან მხოლოდ სლოვაკეთის პრემიერის მონაწილეობაა დადასტურებული. დანარჩენი ევროპული ქვეყნები ემიჯნებიან პროცესს. ჩინეთი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მისი როლი მეორე მსოფლიო ომში გადამწყვეტი იყო. არადა, იაპონიის სამხედრო და პოლიტიკური დამარცხება აშშ-მა უზრუნველყო, მათ შორის ატომური იარაღის გამოყენებით. მიუხედავად ამისა, სი ძინპინი ცდილობს წარსულის “გრანდიოზული სცენარით” ჩინეთის დღევანდელი ძლიერების დემონსტრირებას”.
“ამ კონტექსტში საინტერესოა პუტინისა და ლუკაშენკოს მონაწილეობაც. თქვენ სწორად მიანიშნეთ “დაიბარა”, ჩინური პროპაგანდაც სწორედ ამ სიტყვას იყენებს: “სი ძინპინმა დაიბარა პუტინი და ლუკაშენკო”. ამ გზით პეკინი საკუთარ მოსახლეობას მიანიშნებს, რომ თითქოს რუსეთი უკვე ჩინეთის სატელიტია. პუტინისთვის ეს როლი, ალბათ, მიუღებელია, თუმცა მას სხვა არჩევანი აღარ აქვს, გარდა იმისა, რომ ლოიალურობა დაუდასტუროს ჩინეთს. მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მენიშნა - სი ძინპინმა 43 ქვეყნის ლიდერი დაპატიჟა, მაგრამ მათ შორის საქართველო არ არის. რატომ? ჩინეთმა ბოლო გაეროს კენჭისყრაზეც თავი შეიკავა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისგან და ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც არ მიიწვია თბილისი. იბადება კითხვა: რამდენად რეალურია საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, თუ თავად ჩინეთი ამ ურთიერთობას მნიშვნელობას არ ანიჭებს? რატომ არ რეაგირებს ამაზე საქართველოს ხელისუფლება? აღმოსავლეთთან “სტრატეგიული გახსნის” დაპირება უკვე რეალობას ეწინააღმდეგება და მაშინ ვის შეიძლება სინამდვილეში ვუწოდოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები?" - დასძენს მირიან მირიანაშვილი.
“ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო “კოზირი” - რა მოყვება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წულუკიანის კომისიის დასკვნის დამტკიცებას
“2 სექტემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება და ერთ ერთ პრიორიტეტულ საკითხად თეა წულუკიანის 430-გვერდიანი დასკვნის დამტკიცებაა, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლებისათვის ოპონენტების დევნის ახალი ბერკეტია. რა გავლენას მოახდენს დასკვნა წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო კამპანიაში ჩართული პარტიების პოზიციებზე და საბოლოოდ, არჩევნების შედეგებზე? მთავარი საკითხი, რისთვისაც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარლამენტში დროებითი საგამოძებო კომისია შეიქმნა, ესაა ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის გამოძიება 2003-12 წლების შუალედში. თუმცა, მოგვიანებით კომისიის უფლებამოსილება გაიფართოვდა, გაიზარდა შესასწავლი პერიოდიც მან შემდგომი წლებიც მოიცვა. კომისიის მუშაობის მთავარი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მისი დასკვნის საფუძველზე დაიწყოს ენმ-სა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი. თუმცა ანალიტიკოსები ამას ნაკლებად ელოდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ დასავლეთის რეაქცია საკმაოდ მძაფრი და “ოცნებისათვის” განსაკუთრებით მტკივნეული იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო “კოზირი” - რა მოყვება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წულუკიანის კომისიის დასკვნის დამტკიცებას.
“გარდა ამისა, დასკვნაში ასევე იქნება საუბარი 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების - “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერების, გიორგი გახარიას, მამუკა ხაზარაძისა დ ბადრი ჯაფარიძის შესახებ. მმართველი პარტია კი შეეცდება ეს არჩევნებზე თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს. დასკვნა 430-გვერდიანია. წულუკიანის კომისიას უფლებამოსილების ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი დასკვნას სექტემბრის დასაწყისში, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნებდა და დაამტკიცებდა. თავად კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის განცხადებით, დასკვნაში “თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ”. კომისიამ დასკვნას 4 აგვისტოს უყარა კენჭი და ერთხმად მიიღო. მანამდე კომისიაზე ორჯერ გამოიკითხა “ოცნების” ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ამჟამად ციხეში სხედან “კოალიცია ცვლილებისთვის” 3 ლიდერი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე; “ლელოს” 2 ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე; ასევე ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, “არც წულუკიანის დასკვნა, არც რაიმე სხვა ფაქტორი “ოცნებაზე” არ იმოქმედებს, მას დღეს ნეიტრალური მხარდამჭერის მოზიდვის რესურსი არ აქვს. მას უპირობოდ უჭერენ მხარს ძირითადად ადმინისტრაციული, ასევე ბიზნეს რესურსი და ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას აკონტროლებს. ეს დასკვნა იმისთვის არაა, რომ მისმა გამოქვეყნებამ ამომრჩეველს გუნება-განწყობა, ან პოზიცია შეუცვალოს. თავადაც იციან, რომ მეტ ამომრჩეველს ვერ მიიზიდავენ. ეს იმისთვის კეთდება, რომ პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდეს, უბრალოდ სათქმელად რომ ჰქონდეთ. “ოცნება” იძულებული იქნება არჩევნები გააყალბოს და ამის “გაპრავებისთვის” რაღაც ნიადაგის მომზადებაა საჭირო”, - თვლის ძაბირაძე, რომლის აზრით, “დასკვნაც ამას ემსახურება და თუ “ოცნება” საჭიროდ ჩათვლის, ეს დასკვნა მას საშუალებას მისცემს, გარკვეული რეპრესიები გაატაროს პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკოსების წინააღმდეგ”, - განაგრძობს გამოცემა.
“გახარია თუ საქართველოში ჩამოვა, საქმე აღძრული იქნება და სასამართლო პროცესი დაწყებული, მას უბრალოდ დააპატიმრებენ. ამიტომ დასკვნა ნამდვილად იმუშავებს, რომ გახარია წინასაარჩევნოდ არ ჩამოვიდეს და უშუალო მონაწილეობა არ მიიღოს საარჩევნო პროცესში. “ოცნება” ეცდება ეს ფაქტორი ბოლოდე გამოიყენოს. დევნის პროცესი არა მარტო გახარიას მიმართ იქნება, არამედ სხვა ლიდერებზეც. ვისაც საჭიროდ ჩათვლიან, რომ ამ პროცესში ხელის შემშლელია, მათ მიმართ იქნება აღძრული საქმე. შესაძლოა იყოს ზეწოლა არა მხოლოდ ხაზარაძე-ჯაფარიძის, არამედ სხვა პერსონების მიმართ, არა მხოლოდ ციხეში, არამედ ციხის გარეთ მყოფ პერსონებზე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთლიანად რომელიმე პარტიის მიმართაც აღიძრას საქმეები. შეიძლება ეს იყოს “ნაცმოძრაობა”, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამხელა ნაბიჯს გადადგამენ, რადგან ენმ მათ ისეთი სჭირდებათ, როგორც არის და არა გაუქმებული ან ყადაღადადებული. მით უმეტეს, რომ “ნაცმოძრაობას” დღეს ისეთი პოზიცია უჭირავს, რომელიც “ოცნებას” აძლევს ხელს და არა ოპოზიციას, ამიტომ არ მგონია, რომ ენმ-ს გაასამართლებენ, ან აკრძალავენ. ამ ეტაპზე არ მგონია და შემდეგ დრო გვიჩვენებს”, - დაასკვნის ძაბირაძე.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ კომისია მარტო შიდა არენაზე პოზიციის გამყარების ანგარიშით არ იყო შექმნილი, მისი ფუნქცია საგარეოც იყო - “ოცნების” ბევრი ოპონენტი იძახდა, რომ 12 წლის წინ დემოკრატია იყო და ახლა არაო და მე მგონი იმათთან დიალოგისთვისაა ეს საგამოძიებო დასკვნები, რომელიც მეტი სანდოობის მატარებელია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები”... მისივე თქმით “ძალიან ბევრი დაძაბულობის წერტილია უცხოეთში “ოცნების” მიმართ და ამიტომ ეეჭვება “ნაცმოძრაობა” აიკრძალოს. "არაა გამორიცხული რაღაც ფორმით ეს უბრალოდ გადავადდეს, რადგან არჩევნების წინ პარტიის აკრძალვა თავისთავად მძიმე ნაბიჯია”, - ამბობს საყვარელიძე, რომლის აზრით, “ჩვენ ორნაირი ეფექტი გვაქვს - ადგილობრივი მოსახლეობა და დასავლეთი და ამას შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს უკვე დასავლეთში”, - დასძენს გამოცემა.
გია ხუხაშვილი - “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი”
“ოპოზიციურ ძალებს შორის სერიოზული უთანხმოებაა ტაქტიკურ საკითხებში, ყველა ცდილობს თავისკენ გადაქაჩოს საბანი. ემოციები ჭარბობს მაშინ, როცა რეალური გეგმა და სტრატეგია არ ჩანს. ლიდერები ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი “სიმართლე” ხმამაღალი ფრაზებით დაანახონ, მაგრამ საღი ანალიზი უკანა პლანზეა გადაწეული. შედეგიც ნათელია: ოპოზიციის ნაწილი უპირისპირდება ერთმანეთს, “რვიანის” წევრები ვერ თანხმდებიან სტრატეგიაზე, ხოლო “ნაცმოძრაობა” შიდა დაპირისპირებითაა დაკავებული. ბოკუჩავასა და ჩერგოლეიშვილის კონფლიქტი, საჯარო ბრალდებები და პარტიიდან გასვლის მუქარა კიდევ უფრო ასუსტებს ოპოზიციურ ბლოკს. ასეთ ვითარებაში მათი ერთიანობა რეალური საყრდენის გარეშე მხოლოდ ფორმალურია. ამ სისუსტით სარგებლობს “ოცნება”. წლების განმავლობაში ის ახერხებდა საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ოპოზიციის დისკრედიტაციით, განსაკუთრებით “ნაცმოძრაობის” დემონიზაციით. “ნაციონალების” დემონიზების ეფექტი დღეს შესუსტებულია, მაგრამ ამჟამად “ოცნების” მთავარი მოკავშირე თავად ოპოზიციის არაეფექტურობაა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მოვლენები შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს”.
“ხელისუფლების დელეგიტიმაციის იდეა ფუჭია, რადგან დღევანდელი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე მაინც ლეგიტიმურად აღიქმება. ამიტომ ერთადერთი გზა აქტიური მონაწილეობა და არჩევნების რეალური კონტროლია. თუ ოპოზიცია ხმების დაცვას ვერ მოახერხებს, საზოგადოება ისევ იმედგაცრუებული დარჩება. ოპოზიციურ პარტიებში სტრატეგიულ საკითხებზე სრული თანხმობაა: ყველა ერთხმად იზიარებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებლობას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. თუმცა უთანხმოება ტაქტიკურ საკითხებზეა, ვინ როგორ მიდის არჩევნებზე, ვინ ბოიკოტს აცხადებს, ნაწილი უფრო აგრესიულ მიდგომას ირჩევს, ნაწილი კი ზომიერ გზას ანიჭებს უპირატესობას. სწორედ აქედან გამომდინარეობს შიდა დაპირისპირებაც. სამწუხაროდ, პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ ვერ აღწევს იმ მომწიფების დონეს, რომ საერთო, გამაერთიანებელ თემებზე რეალური კონსოლიდაცია მოახდინოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“თუ 13 სექტემბრის და 4 ოქტომბრის აქციის მთავარ მოთხოვნად ბოიკოტი გამოცხადდება, არჩევნებში მონაწილე პარტიები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ ტაქტიკას ეწინააღმდეგება. თუმცა, თუ აქცია ევროკავშირში დაბრუნების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნებზე დაფუძნდება, ერთიანობის დემონსტრირება რეალურად შესაძლებელი გახდება. ეს ოპოზიციას ამომრჩევლის თვალშიც გააძლიერებს. მთავარი გამოწვევა დღეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის არარსებობაა. საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და ოპოზიციასაც უვარგისად მიიჩნევს... საბოლოოდ ქართული პოლიტიკა ჰაერში გამოკიდებულს ჰგავს. ხელისუფლებას აღარ დარჩა ახალი არგუმენტი, ოპოზიცია კი ვერ იქცა ალტერნატივად. დასავლეთთან კომუნიკაციაც სუსტია, არც ხელისუფლება სარგებლობს განსაკუთრებული კეთილგანწყობით, მაგრამ არც ოპოზიცია ავლენს უნარს, რომ ამერიკასა და ევროპასთან თანაბარი პარტნიორის დონეზე ითანამშრომლოს. ასეთ პირობებში პროგნოზის გაკეთება რთულია და პოლიტიკური პროცესები კვლავ გაურკვევლობაშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ხაბეიშვილს, მის მოქმედებებში აშკარად შეინიშნება წმინდა პოპულიზმის ელემენტები. ხმამაღალი განცხადებები თითქოს მიმართულია ამომრჩეველზე, მაგრამ პარადოქსია: ერთი მხრივ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, მეორე მხრივ კი მაინც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. ეს სტრატეგია გაუგებარია. ხალხის მხარდაჭერას მხოლოდ რადიკალური განცხადებებით ვერ მოიპოვებ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საზოგადოებაში რევოლუციური რესურსი არა გაქვს. რევოლუცია მაშინ არის შესაძლებელი, როცა მოსახლეობის მინიმუმ 70% მხარს გიჭერს და მზად არის გაღიაროს ლიდერად. დღევანდელ ვითარებაში ასეთ აღიარებას ვერც ლევან ხაბეიშვილი და ვერც სხვა ვინმე ვერ იღებს. ამიტომაც მისი ხმამაღალი განცხადებები და “ფეხების ბაკუნი” მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, საკუთარი მცირე ელექტორატის შენარჩუნებას”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში აქტუალურია ჰეროსტრატეს კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკოსები, ხაბეიშვილი ერთადერთი არ არის, ვინც მუდმივად ლანძღვით, აგრესიითა და დესტრუქციული რიტორიკით გამოირჩევა არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ საკუთარი გუნდის მიმართაც. გაცილებით მძაფრი მაგალითი თამარ ჩერგოლეიშვილია, აღმოჩნდა, რომ ჰეროსტრატე ქალიც ყოფილა. პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც საჯაროდ ლანძღავენ, იწყევლებიან და აგრესიით ცდილობენ პოზიციის გამყარებას, რეალურად საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალს ანადგურებენ. ასეთია ჩვენი სევდიანი რეალობა... რას წარმოადგენს “რვიანი”? რვა კი არა, 50 პარტიაც რომ იყოს, რა იცვლება, თუ ეს რაოდენობა ხარისხში არ გადაიზარდა? საქართველოში თითქმის ორასამდე პარტიაა, მაგრამ ეს ხომ ავტომატურად არ ნიშნავს ცვლილებას? ნამდვილად მნიშვნელოვანია, პარტიები ერთად დგანან თუ ცალ-ცალკე, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი ისაა, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს, რადგან ნებისმიერი ცვლილების გენერატორი ხალხია და არა პოლიტიკური პარტია”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.
“ერთიანობას მეტისმეტად გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება. სინამდვილეში ერთიანობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მას საზოგადოების მხარდაჭერა და კონსოლიდაცია ახლავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იმიტაციას ჰგავს, უფრო სახლობანას თამაშს, ვიდრე რეალურ პოლიტიკას, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ “რვიანის” მთავარი ამოცანა “ქართული ოცნების” კი არა, იმ ოპოზიციის დასუსტებაა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს. აბსურდული სურათი იქმნება: პარტიები, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, პარალელურად ისევ ამომრჩეველზე მუშაობენ, სინამდვილეში კი მათი მოწოდება მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირე ვითომ ოპოზიციაა, თავისი დაშლილი და ქაოსური ქცევებით” - ამბობს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ამ ყველაფრის გათვალისწინებით განვიხილოთ ორი სხვადასხვა სცენარი, რომელიც შეიძლება 4 ოქტომბერს გათამაშდეს...” - პასუხობს:
“ორი სცენარი იკვეთება: თუ ხელისუფლება მხოლოდ “ტრადიციულ” ადმინისტრაციულ და ფინანსურ ბერკეტებს გამოიყენებს, მას გამარჯვებისთვის რესურსი აღარ ეყოფა და ოპოზიცია რეალურ შანსს მიიღებს, განსაკუთრებით თბილისში. თუ ხელისუფლება გადავა პირდაპირ ოქმების წერაზე, ეს უკვე კონსტიტუციის დარღვევა და ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალება იქნება. ასეთ შემთხვევაში ჩნდება რევოლუციის ლეგიტიმური საფუძველი, რადგან ძალაუფლების წყარო ხალხია. ამიტომაც ბოიკოტის იდეა გაუგებარია. თუ საზოგადოებას არა აქვს რესურსი ქუჩაში გამოსასვლელად და საკუთარი კონსტიტუციური უფლების დასაცავად, მაშინ ბოიკოტი მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. გამარჯვებისთვის აუცილებელია სწორედ არჩევნების გაკონტროლება. ხალხმა აღარ უნდა დაუჯეროს მხოლოდ პარტიებს, არამედ თავად უნდა დადგეს უბნებთან და დაიცვას საკუთარი ხმა. საზოგადოება რთული არჩევანის წინაშე დგას, დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი. ხელისუფლების “ცხელ კვალზე დაჭერა” მხოლოდ არჩევნებზეა შესაძლებელი. თუ ამას ოპოზიცია ისევ ვერ მოახერხებს, ხალხის იმედგაცრუება კიდევ უფრო გაღრმავდება”.